ესპანეთში ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ წესზე დაბრუნებას 26 აპრილიდან დაიწყებს
ესპანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 757 ადამიანია გარდაცვლილი, ჯამურადზ ქვეყანაში 14 555 ლეტალური შემთხვევაა.
რაც შეეხება ინფიცირებულთა რიცხვს – გასულ დღე-ღამეში 6 ათასი ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამში 146 690 შემთხვევაა; გარდა ამისა, კლინიკებიდან 48 021 პაციენტია გაწერილი.
სტატისტიკის მიუხედავად, ქვეყნის მთავრობა იმედოვნებს, რომ ცხოვრების ნორმალურ წესზე დაბრუნება 26 აპრილიდან იქნება შესაძლებელი.
ამის შესახებ მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ფინანსთა მინისტრმა, მარია ხესუს მონტერომ განაცხადა.
იგეგმება, რომ 9 აპრილს ქვეყნის პარლამენტი მაღალი მზადყოფნის რეჟიმს 26 აპრილამდე გაახანგრძლივებს.
“26 აპრილიდან მოქალაქეები ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას შეძლებენ”, – აღნიშნა მონტერომ.
მანამდე, ქვეყნის პრემიერმა, პედრო სანჩესმა არ გამორიცხა, რომ მაღალი მზადყოფნის რეჟიმი 26 აპრილის შემდეგაც შეიძლება, იყოს გახანგრძლივებული, თუმცა შემზღუდავი ზომები როგორც მოსახლეობის, ასევე ეკონომიკური საქმიანობის მიმართ ეტაპობრივად შესუსტება.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მოსახლეობის შემთხვევით ტესტირებას ჩაატარებენ, რომ მოხდეს გავრცელების რეალური მასშტაბების დადგენა. იგეგმება 60 ათასი ადამიანის ტესტირება.