ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მცირეწლოვანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ მცირეწლოვან ბავშვს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ მედიას კლინიკის მთავარმა ექიმმა განუცხადა.
თემურ ნადირაძის თქმით, ორი ნიმუში საკონტროლო კვლევა იყო, რომელზეც დადებითი პასუხია.
“სამი კვლევა გვქონდა, აქედან ორი იყო საკონტროლო და ერთი ხუთი წლის ბავშვი. ბავშვთან არის უარყოფითი პასუხი, ხოლო საკონტროლო კვლევებზე, ჯერჯერობით, დადებითი პასუხებია და გრძელდება მკურნალობა”, – განაცხადა თემურ ნადირაძემ.
ცნობისთვის, კლინიკაში, ამ დროისთვის კორონავირუსის დიაგნოზით ექვსი პაციენტია მოთავსებული. მათგან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქია, ორის – საშუალო, კიდევ ორის კი –
მძიმე.
თემურ ნადირაძის განმარტებით, ექვსი პაციენტიდან ორის კონტაქტები არ არის დადგენილი, თუმცა ეპიდემიოლოგები მუშაობას აგრძელებენ.
ქუთაისის ლაბორატორიამ ბოლო 24 საათის განმავლობაში 23 პაციენტის ანალიზი გამოიკვლია და ყველა უარყოფითია.
შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 195 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან გამოჯანმრთელებულია 39, 2 -გარდაცვლილი, კარანტინში იმყოფება 4708 მოქალაქე, სტაციონარში კი 370 ადამიანი რჩება.