ირაკლი ხახუბია: მჯერა, ფოთის საზღვაო აკადემია უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს საზღვაო დარგის განვითარებაში
“ფოთში საზღვაო აკადემიის მშენებლობა დავიწყეთ, მჯერა, ის უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს საზღვაო დარგის განვითარების საქმეში”, – ამის შესახებ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ხახუბია სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე წერს.
“ყოფილი ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის შენობას, რომელიც ამავდროულად კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსს ატარებს, სრული რეაბილიტაცია უტარდება. შენობაში 1000 სტუდენტზე გათვლილი, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალი განთავსდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად, მიმდინარეობს სასწავლო მოდულების შემუშავება. 2021 წელს სასწავლებელი სტუდენტთა პირველ ნაკადს მიიღებს.
საქართველოში, საზღვაო მიმართულების განვითარების კვალდაკვალ, დიდი მოთხოვნა ჩნდება საზღვაო პროფესიებზე. ახალი სასწავლებელი უზრუნველყოფს კვალიფიციური კადრების მომზადებას როგორც ადგილობრივი, ასევე – საერთაშორისო შრომის ბაზრისთვის. მჯერა, რომ ფოთის საზღვაო აკადემია უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს საზღვაო დარგის განვითარების საქმეში”, – წერს ირაკლი ხახუბია.