თორნიკე რიჟვაძე: ვერ გავიზიარებ რომელიმე არგუმენტს პრემირებასთან ან წახალისებასთან დაკავშირებით
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ხულოს მერიის თანამშრომლებზე დანამატების გაცემასთან დაკავშირებით, განმარტება გააკეთა.
„მაშინ როცა მთელი მსოფლიო ებრძვის ინფექციას და მაშინ როცა ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, ყოველდღიურად მძიმდება ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, აბსოლიტურად ვერ გავიზიარებ რომელიმე არგუმენტს პრემირებასთან ან წახალისებასთან დაკავშირებით.
მისასალმებელია თუ ვინმემ შეიგნო და მოახდინა აღნიშნული თანხის დაბრუნება ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამ მძიმე მდგომარეობაში დაუშვებელია წახალისების და პრემირების შემთხვევები, მიუხედავად იმისა იქნება ეს არჩეული თუ დანიშვნითი თანამდებობის პირები” – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ცნობისთვის, აღნიშნულ საკითხზე ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტეს, რომ რამდენიმე რიგით თანამშრომელზე გაიცა დანამატი, რომლის გაცემაც 2019 წლის განმავლობაში ტექნიკურად ვერ მოხერხდა. თუმცა დანამატის სახით გაცემული თანხა სრულად დაბრუნდა ბიუჯეტში.