საგანგებო მდგომარეობა და ჰაერის დაბინძურების შემცირებული მაჩვენებელი – რა უნდა გაკეთდეს ჰაერის გაუმჯობესებული ხარისხის შესანარჩუნებლად?

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა და საყოველთაო კარანტინის ფონზე, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი შემცირდა. ქვეყანაში “კომენდანტის საათი” მოქმედებს, აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნულმა მდგომარეობამ ქუჩებში მანქანების რაოდენობა შეამცირა.

ამ საკითხთან დაკავშირებით „კვირა“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელს, ნოე მეგრელიშვილს ესაუბრა. როგორც მეგრელიშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება ავტოტრანსპორტის მოძრაობის მკვეთრად შემცირების შედეგია.

„საქართველოში, უმსხვილეს ქალაქებში, ძირითადად, ორი დამბინძურებლის პრობლემა იყო. ესენია აზოტის ორჟანგი და მყარი ნაწილაკები. როგორც ვამბობდით, აზოტის ორჟანგის მთავარი წყარო ავტოტრანსპორტი იყო, დაახლოებით, 70 % ავტომანქანის გამონაბოლქვზე მოდიოდა.
მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა და საქართველოშიც საგანგებო მდგომარეობაა დაწესდა, შეიძლება ითქვას, ამ დამბინძურებლის აშკარა კლება გვაქვს. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს იმ მონიტორინგის სადგურებზე, რომლებიც გზის პირასაა განთავსებული და სწორედ ავტომობილის გამონაბოლქვის შედეგად ფორმირებულ ჰაერის ხარისხს აკვირდება. თუმცა ამ პრობლემური დამბინძურებლის მნიშვნელოვანი კლება აბსოლუტურად ყველა სადგურზე გვაქვს. ჰაერის ხარისხი ჩვენს პორტალზე ჰაერის ხარისხის ინდექსებითაა წარმოჩენილი და აზოტი ჩამოვიდა ყველაზე დაბალ ნიშნულზე. ეს მანამდე იშვიათობა იყო. ცალსახად გვაქვს კლება.
დაახლოებით, 25-30 მიკრო გრამ /მეტრ კუბში მერყეობს აზოტის ორჟანგის მაჩვენებელი მაშინ, როცა სხვა პერიოდში 40 -ზე მაღლა იყო.

ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდა“, – განაცხადა ნოე მეგრელიშვილმა „კვირასთან“ საუბრისას.
რაც შეეხება მყარ ნაწილაკებს – მეგრელიშვილის თქმით, ასეთი მკვეთრი და აშკარა შემცირება არ ფიქსირდება.

„კვირა“ გარემოს დაცვისა და სატრანსპორტო სფეროს ექსპერტებს დაუკავშირდა.
გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტი, ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე, ნინო ჩხობაძე აღნიშნავს, რომ როცა ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს დავუბრუნდებით, ტრანსპორტთან მიმართებით სხვა პოლიტიკა უნდა გატარდეს. ჩხობაძე ხაზს უსვამს იმასაც, რომ მნიშვნელოვანია გამწვანების ზონების არსებობა.

„ჰაერის ხარისხი გაუმჯობესებულია, რა თქმა უნდა იმიტომ, რომ, პირველ ყოვლისა, ტრანსპორტის მოძრაობაა შემცირებული. შესაბამისად, გამონაბოლქვი, რომელიც ამ დაბინძურების კერას ქმნის, რეალურად, შედარებით ნაკლებია. რომ დავუბრუნდებით ჩვეულებრივ რიტმს, ფაქტია, რომ ტრანსპორტთან მიმართებით რაღაცა სხვა პოლიტიკა უნდა გატარდეს, განსაკუთრებით კი – ურბანულ ქალაქებში.
აუცილებელია, მუნიციპალური ტრანსპორტი განვითარდეს. მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება ნიშნავს პერსონალური მანქანებიდან მუნიციპალურ ტრანსპორტზე გადაჯდომას. მაგრამ ქალაქი ამისთვის მზად არაა, რადგან რაოდენობრივად არ ყოფნის ტრანსპორტი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი გაკეთდა იმისათვის, უკეთესი სატრანსპორტო პარკი ყოფილიყო მუნიციპალიტეტში. ამასთან, მარტო ის კი არ არის მნიშვნელოვანი, რომ ტრანსპორტის რაოდენობა შემცირდეს, არამედ ისიც, რომ გამტარიანობა ნებისმიერი ქუჩისთვის კარგი იყოს.

მეორე მომენტი, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ესაა გამწვანების ზონები, რომელიც უნდ არსებობდეს. სამშენებლო პოლიგონები არის შუა ქალაქში მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ ვთქვით, ყველა მშენებარე შენობა უნდა იყოს შეფუთული , შეფუთული მაინც არაა. მტვერი მაინც ვრცელდება ქალაქში. დღეს შედარებით სუფთაა ატმოსფერული ჰაერი ქალაქში იმის გამოც კი, რომ ინტენსიური მშნებლობები არ მიდის ბევრ ადგილას“, – განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

როგორც „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა განაცხადა, როგორც დღეს პანდემიას ვებრძვით გაერთიანებული ძალებით, ისე უნდა ვებრძოლოთ ძველ ავტოპარკსა და გამონაბოლქვს .
ბოლო კვირების განმავლობაში თვალ-ყურეს ვადევნებთ air.gov.ge/-ს, სადაც განთავსებულია ჰაერის ხარისხის მზომი რამდენიმე სადგური სხვადასხვა ქალაქში. მუდმივ რეჟიმში ვუყურებთ, რომ ჰაერის ხარისხის თვალსაზრისით დამაკმაყოფილებელი და კარგი შედეგია. ჩვენ ძალიან მტკიცე და მყარი არგუმენტი გვაქვს, თუნდაც ბოლო თვეების განმავლობაში, როდესაც ვამოწმებდით ამ სადგურს, ის მუდმივად იყო გაწითლებული. აშკარად შეიძლება შეფასების გაკეთება, რომ დაბინძურებული ჰაერი, რაზეც მუდმივად ვსაუბრობდით, გადატვირთული ტრანსპორტით იყო გამოწვეული. მუდმივად ვცდილობდით დაგვემტიკცებინა, რომ მოძველებული და ემისიებით სავსე ტრანსპორტი არის ჰაერის ძირითადი დამაბინძურებელი.

ვიცით, რომ რამდენიმე პარამეტრი მოწმდება, აქ არის როგორც აზოტის დიოქსიდი, ასევე შეწონილი მყარი ნაწილაკები, რომელთა ნაწილი მშენებლობებითაა გამოწვეული. დღეს თუ ვიტყვით, სამშენებელო სექტორი არ გაჩერებულა, მაგრამ სატრანსპორტო სექტორი, მეტნაკლებად , გაჩერდა იმიტომ, რომ არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შინ დარჩენის მოწოდებებია და სამსახურები არ მუშაობენ, ტრანსპორტი ქუჩებში ბევრად შემცირებულია. პირდაპირ შეიძლება ითქვას, ის მყარი ნაწილაკები, რომლებზეც ვამბობდით, რომ დიდწილად გამოწვეული იყო სამშენებლო სექტორით, შეიძლება დღეს ითქვას, რომ არათუ სამშენბლო სექტორით, არამედ სატრანსპორტო ემისიებით გამოწვეული ყოფილა“, – აცხდებს ეკა ლალიაშვილი.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც პანდემია გადაივლის და ჩვეულ ყოფას დავუბრუნდებით , აღნიშნული მიმართულებით სერიოზული ნაბიჯები იქნება გადასადგმელი.
„როგორც დღეს ვებრძვით ამ პანდემიას გაერთიანებული ძალებით, ისე უნდა ვებრძოლოთ იმ ძველ ავტოპარკსა და გამონაბოლქვს – იმ ემისიებს, რომლებიც არანაკლებ ზიანს გვაყენებს. ესეც იქნება კარგი გეგმა სამომავლოდ: როცა გადავივლით ამ სირთულეებს, უკვე შემდეგი მნიშვნელოვანი ამოცანები უნდა დავისახოთ მიზნად, რომ გავამწვანოთ და გავაახალგაზრდავოთ ჩვენი ავტოპარკი იმისთვის, რომ ეს ჰაერი შენარჩუნდეს“, – განაცხადა ლალიაშვილმა „კვირასთან“ საუბრისას.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები