ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით მეექვსე პაციენტი შეიყვანეს

ქუთაისის ახალ ინფექციურ კლინიკაში ღამით “ცხელების ცენტრიდან” კორონავირუსის დიაგნოზით 63 წლის ქალბატონი გადაიყვანეს. როგორც კლინიკის მთავარი ექიმი, თემურ ნადირაძე აცხადებს, პაციენტის კონტაქტები ამ დრომდე დადგენილი არ არის და  ამისთვის სპეციალისტები მუშაობენ.
“გუშინ გავაკეთეთ ერთი კვლევა, რომლის პასუხი არის უარყოფითი, თუმცა ღამით “ცხელების ცენტრიდან” შემოვიდა ერთი პაციენტი, დადასტურებული კორონავირუსით. მოგზაურობის შესახებ არაფერს გვიყვება. მისი კონტაქტების დასადგენად ეპიდემიოლოგები მუშაობენ”, – განაცხადა თემურ ნადირაძემ.

ნადირაძის თქმით, კლინიკაში, ამ დროისთვის, სულ კორონავირუსით ინფიცირებული 6 პაციენტი მკურნალობს. მათგან ოთხის მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის, ერთი ახალგაზრდა პაციენტი კი საკონტროლო კვლევაზეა, რომლის შემდეგაც, ორივე ჯერზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში შესაძლოა, კლინიკა დატოვოს.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 188 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან გამოჯანმრთელებულია 36, გარდაცვლილი კი – 2. კარანტინში იმყოფება 5010 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში – 350 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები