პრემიერმა ბათუმში კლინიკა “მედემერჯენსი” დაათვალიერა, რომელიც ცხელების მქონე პაციენტთა სამართავად გამოიყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბათუმში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, კლინიკა „მედემერჯენსი” დაათვალიერა, რომელიც ცხელების მქონე პაციენტთა სამართავად გამოიყო.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ვინაიდან ქვეყანა ვირუსის გავრცელების ფაზაზე გადავიდა, პირველადი ჯანდაცვის სისტემის გააქტიურებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. შესაბამისად, მისივე განმარტებით, სწორედ ამ მიზანს ემსახურება მთელი ქვეყნის მასშტაბით ე.წ „ცხელების ცენტრების” გახსნა, რომლებიც განკუთვნილია ცხელების მქონე პაციენტების მისაღებად.
კლინიკა „მედემერჯენსი” სრულად აღჭურვილია შესაბამისი სამედიცინო აპარატურით, ექიმებისთვის ყველა საჭირო ინვენტარით, პირადი დაცვის საშუალებებით და ის ერთდროულად 50 პაციენტის მიღებას შეძლებს.
აჭარის რეგიონში უკვე გამოყოფილია 2 “აცხელების ცენტრი”. ვირუსის სიმპტომების შემთხვევაში, ადამიანებს შეეძლებათ, მიმართონ მათ რეგიონში არსებულ ცხელების ცენტრებს, სადაც ჩაუტარდებათ დიაგნოსტირება და განისაზღვრება მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა. COVID 19-ის დადასტურების შემთხვევაში კი პაციენტებს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ. უშუალოდ COVID 19-ის მქონე პაციენტებისთვის ბათუმსა და ქობულეთში ორი საავადმყოფოა გამოყოფილი.