მეორე ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობა ფოთის ტერიტორიას მეხუთე დღეა აკონტროლებს
ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან უკვე მეხუთე დღეა, რაც თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მეორე ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობა ფოთში შემავალი და გამომავალი ორი ძირითადი გზის კონტროლს ახორციელებს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქ ფოთის 2 ლოკაციაზე მოწყობილია გადაადგილების, კონტროლისა და შეზღუდვის პუნქტები, სადაც გაშლილია საველე და სამედიცინო კარვები. კორონავირუსის პრევენციის მიზნით თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. მკაცრად კონტროლდება მოქალაქეთა გადაადგილება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. სამხედრო მედპერსონალის მიერ ხორციელდება მოქალაქეებისთვის თერმული სკრინინგი და საჭიროების შემთხვევაში პირველადი დახმარების აღმოჩენა. სწრაფი რეაგირების რქბ ჯგუფის მიერ კი, საგუშაგოზე მიმდინარეობს ყველა სატრანსპორტო საშუალების დეზინფექცია სპეციალური ხსნარით.