ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 3 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა
ქუთაისის ახალ ინფექციურ კლინიკაში მოთავსეული სამი პაციენტის ანალიზის პასუხები კორონავირუსზე უარყოფითია. ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის მთავარმა ექიმმა განუცხადა.
“სამი ახალი პასუხი მოვიღეთ და უარყოფითია, გვყავს კიდევ სამი ახალი პაციენტი, რომელთა პასუხებიც დღის განმავლობაში გვეცოდინება”, – აღნიშნა თემურ ნადირაძემ.
ცნობისთვის, კლინიკაში ამ დროისთვის კოვიდ-19-ზე სამი პაციენტი მკურნალობს. ორი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, რაც შეეხება მესამე პაციენტს – მედიკოსები განმეორებითი ტესტის ჩატარებას ელოდებიან, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ის გამოჯანმრთელებულად მიიჩნევა და კლინიკას დატოვებს.
შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 148 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 27 უკვე გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, კარანტინში 5392 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 319 პირი რჩება.