გიორგი ვოლსკი: მთელი სისტემა კვლავაც მზადაა საბრძოლველად

„რასაკვირველია, ძალიან სასიამოვნოა და საზოგადოებისათვის წამახალისებელიც და ენერგიის მიმცემიც არის ჩვენი დაწესებულებებისათვის ის შექება, რომელსაც ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები ხშირად, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მიმართავენ”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ, რითაც გამოეხმაურა ვაშინგტონის შუა აღმოსავლეთის კვლევების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ჯორჯ ვისანის სტატიას – “შავი ზღვა და ახალი კორონავირუსი”, სადაც აღნიშნულია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს ოფიციალურ პირებს კორონავირუსის დასამარცხებლად ოპერატიულად განხორციელებული ზომებისთვის აქებს.

​როგორც გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, ეს მაინც არ ნიშნავს იმას, რომ თვითკმაყოფილებას უნდა მივეცეთ, ვინაიდან მდგომარეობა ზოგადად საკმაოდ საგანგაშოა მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში.

„შექება ჩვენთვის უცხო არ არის და არც რაიმე სისუსტეს, მოდუნებას განაპირობებს. მუშაობა გაგრძელდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვირუსის საფრთხე როგორღაც შენელებულია. ჩვენ მზად ვართ საბრძოლველად – მთელი სისტემა და არამარტო – ჯანდაცვის სამინისტროს სისტემა. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მთავრობის მითითებები ემყარება მეცნიერულ დონეზე გაკეთებულ ანალიზს და ყველა მითითება ზედმიწევნით უნდა შესრულდეს, ვინაიდან მდგომარეობა ჯერ კიდევ საკმაოდ საგანგაშოა მთელს მსოფლიოში”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები