WSJ: იტალიაში კორონავირუსისგან შესაძლოა, ბევრად მეტი ადამიანი იყოს გარდაცვლილი, ვიდრე ეს ოფიციალურად არის ცნობილი
“იტალიაში კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა, იმაზე მაღალი იყოს ვიდრე ცნობილია, რადგან ქვეყანაში შესაბამისი ტესტი ყველა გარდაცვლილს არ უკეთდებოდა.
ამის შესახებ გაზეთი Wall Street Journal-ი წერს.
გამოცემას იტალიის ქალაქ კოკალიოს მერის მოადგილის, ეუგენიო ფოსატის სიტყვები მოჰყავს, რომელმაც თქვა, რომ ბევრად მეტი გარდაცვლილია, ვიდრე ეს ოფიციალურად არის გაცხადებული და რომ ეს ბრალდება არ არის, ადამიანები გარდაიცვალნენ, ისინი არც შეუმოწმებიათ, რადგან დრო და რესურსი შეზღუდულია.
გაზეთი აღნიშნავს, რომ კორონავირუსზე ტესტირება შემოიფარგლება მხოლოდ იმ ადამიანებით, რომლებსაც ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვთ მაშინ, როდესაც სიმპტომების არმქონე პირები ტესტს არც აბარებდნენ.
“გარდაცვლილთაგან უმრავლესობას ტესტი არც ჩაუბარებია, ისინი მოხუცები არიან, მაგრამ ერთდროულად ამდენი ადამიანი არ კვდება. ეს კორონავირუსია”, – მიიჩნევს ქალაქ ბრეშიას ექიმი, ელეონორა კოლომბი.
იტალია კორონავირუსისგან გარდაცვალების სტატისტიკით მსოფლიოში პირველ ადგილზეა, აქ ვირუსს 13 155 პაციენტი ემსხვერპლა, ინფიცირებულია 110 574 ადამიანია, 16 847 პირი გამოჯანმრთელდა.