გიორგი გახარია ონლაინგაყიდვებზე: ყველა კომპანია, რომელიც უსაფრთხოების პირობებს დაიცავს, უახლოეს დღეებში მიიღებს მსგავსი საქმიანობის გაგრძელების ნებართვას

არავის არაფერი არ აუკრძალია, მაგრამ პასუხისმგებლობა იმაზე, რომ მივიდეთ მაინც ჯანდაცვის სამინისტროში, ან დაავადებათა კონტროლის ცენტრში, დავინტერესდეთ რა პირობებია საჭირო იმისთვის, რომ ჩვენი თანამშრომლების და ჩვენი კლიენტების ჯანმრთელობის უსაფრთხოება დავიცვათ და ამის შემდგომ მივიდეთ შესაბამის შტაბში და მივიღოთ ეს ნებართვა მუშაობის, არანაირი პრობლემა აქ არ არსებობს და ვერ იარსებებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ონლაინ შესყიდვებზე საუბრის დროს განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობის ძირითადი ამოცანაა, მაქსიმალურად შენარჩუნდეს სამუშაო ადგილები და გადავიდეთ მომსახურეობის დისტანციურ ფორმებზე.

„ერთი რამე უნდა გავითვალისწინოთ, მომსახურეობის სფერო არის ის სფერო, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობის ადამიანები მოძრაობენ, როგორც „ბექში”, ასევე ყველაზე მეტი შემხებლობა აქვთ კლიენტთან, ჩვენს მოქალაქესთან. ამიტომ, აქ, სახელმწიფოზე დაკისრებული ვალდებულებებიდან გამომდინარე, ისევე, როგორც ბიზნესის პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ელემენტარული პროცესების და უსაფრთხოების პირობების დაცვა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ყველა ის კომპანია, რომელიც ამ პირობებს დაიცავს, პირადად მე ვიძლევი გარანტიას, რომ უახლოეს პერიოდში, დღეებში მიიღებს მსგავსი საქმიანობის გაგრძელების ნებართვას.
საერთოდ, ჩვენ ამ მძიმე საკარანტინო პირობებზე ვსაუბრობთ, რაღაც შეზღუდულ პერიოდზე. ჩვენ ხომ ყველას კარგად გვესმის, ჩვენი ფინანსური რეზერვი არ არის დიდი, ჩვენ არ ვართ, სამწუხაროდ, არც ბრიტანეთი და არც გერმანია, რომ თვეები ვაფინანსოთ ჩვენი მოქალაქეების სამწუხაროდ სახლში ჯდომა. ჩვენ ყველას ერთად, რამდენადაც გამომწვევი არ უნდა იყოს ეს სიტუაცია, მოგვიწევს შრომის დაწყება და ეს პერიოდი დადგება ძალიან მალე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, მთავრობის ძირითადი პრინციპია – მინიმალური ზიანი ეკონომიკას.

„ჩვენ, გვინდა თუ არ გვინდა, ყველა შემთხვევაში ვსაუბრობთ ბიზნესზე, სამუშაო ადგილებზე, ეკონომიკაზე, მაინც გამოვდივართ კოვიდ-19-დან იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ბრძოლა, რომელშიც ახლა ვართ. მთავარია სულისკვეთება. ჩვენი ძირითადი პრინციპი გახლავთ მინიმალური ზიანი ეკონომიკას. მაგრამ, რამდენჯერმე ვთქვით, რომ ეს არის შეზღუდვები, რომელიც საჭიროა დღეს და არის დროებითი.
პირდაპირ და ღიად ვამბობთ, ჩვენი ამოცანაა, ამ პირობებშიც, როდესაც ქვეყანაში არის კარანტინის საკმაოდ მძიმე ფორმა გამოცხადებული, მაგრამ ეს არ არის სრული კარანტინი, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ დღის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები იმ დარგებში, რომლებიც დაშვებულია, სამსახურშიც მოძრაობენ, მათ გადაადგილების არანაირი პრობლემა არ აქვთ. დღეს, ევროპის უმრავლეს დედაქალაქში, უბრალოდ სახლიდან გამოსვლა არის წუთებით შეზღუდული და ამას, სპეციალური ნებართვები სჭირდება”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მსხვილი სისტემური საწარმოები, რომლის გაჩერებაც სერიოზული დარტყმა იქნება ეკონომიკისთვის, რა თქმა უნდა, გააგრძელებენ მუშაობას.

„მათ ექნებათ კონკრეტული პირობები უსაფრთხოების და პირველ რიგში, ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვის ნაწილში. ისინი იღებენ ამ პასუხისმგებლობას, რომ დააკმაყოფილებენ, დაწყებული ტრანსპორტირებით თავიანთი თანამშრომლების, შემდგომ შრომის პირობებით ადგილზე, მათი ჯანმრთელობის კონტროლით, ტემპერატურული სკრინინგით და კიდევ ბევრი რამით. ამ პირობებში, სისტემური საწარმოები აგრძელებენ მუშაობას და ეს ეკონომიკის საკმაოდ დიდი ნაწილია”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მან ასევე ისაუბრა მშენებლობის სექტორსა და სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

„გარდა ამისა, ჩვენ ვამბობთ, რომ მშენებლობის სექტორი და საერთოდ, სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელზეც პირდაპირ არის დამოკიდებული პოსტ კრიზისულ პერიოდში ეკონომიკა როგორ სწრაფად განვითარდება, რა თქმა უნდა, ასევე აგრძელებენ ფუნქციონირებას, მაგრამ იგივე, ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის პირობების სრული დაცვით. ისევე, როგორც სისტემურ დარგებთან ჩვენ გვაქვს პირდაპირი კომუნიკაცია და მათ საქმიანობაშიც ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ხელი არ შეეშალოთ. მაგრამ, ამასთან ერთად, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დისტანციური მომსახურეობის ზოგიერთი ფორმა მოითხოვს ბექ ოფისში საკმაოდ დიდი რაოდენობის ადამიანების შრომას. ჩვენ ყველა მივესალმებით იმას, რომ დიდი სავაჭრო ქსელები დისტანციურ მომსახურეობაზე გადალაგდნენ და ყველანაირად ხელს შევუწყობთ ამას, სხვადასხვა ფორმით, მათ შორის, როგორც საკანონმდებლო დონეზე, გარკვეული შეღავათების დონეზე და ა.შ.”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები