თუ ქალაქ ახალციხეში ბანკომატებთან, აფთიაქებსა და სავაჭრო ობიექტებთან ორმეტრიანი დისტანციის დაცვისთვის მიზნით მონიშნულ, ყვითელი ფერით მოხატულ მზის გამოსახულებებს შეხვდებით, არ გაგიკვირდეთ, რადგან კორონავირუსისგან თავის დასაცავად ახალციხის სამხატვრო სკოლის პედაგოგებმა დისტანციის დაცვის მიზნით ფერადი მონიშვნები გააკეთეს.
როგორც თავად მხატვრები ამბობენ, ქუჩების მოხატვას ორგანიზება მერიის თანამშრომლება გაუწიეს.
“დისტანციის ნიშნულების გაკეთებისთვის იმ ობიექტებთან, რომლებიც მუშაობენ და სადაც ხალხთმრავლობაა, მერიამ შემოგვთავაზა, დავხმარებოდით სამხატვრო სკოლის პედაგოგები. მე, ლელა ფერაძე და მერიის ერთ-ერთი წარმომადგენელი გავედით და მოვხატეთ ის ადგილები, სადაც ხალხს რიგში დგომა უწევს”, – განუცხადა “რეგიონულ კვირას” ზურა ინასარიძემ.
ვიდეოს სოციალურ ქსელში სწორედ პედაგოგი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ 31 მარტიდან ქვეყანაში მოქმედებს საყოველთაო საკარანტინო რეჟიმი და ე.წ კომენდანტის საათი.
ცნობისთვის, იკრძალება სამ ადამიანზე მეტის თავშეყრა, ასევე, სავალდებულოა ორმეტრიანი დისტანციის დაცვა სავაჭრო ობიექტებში. თუმცა, ამის მიუხედავად, ბანკებსა და ბანკომატებთან მაინც შეინიშნება ხალხმრავლობა და რიგები.