ვის შეეხება მთავრობის სუბსიდია კომუნალურებზე – რას აცხადებენ “თელასსა” და “ენერგო-პრო ჯორჯიაში”

მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს, რომლებიც 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიასა და 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარენ, მარტში, აპრილსა და მაისში კომუნალური გადასახადი სრულად დაუფინანსდებათ.

როგორც “თელასის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, ელექტროენერგიის არსებული ტარიფის (1კვტ/სთ – 18.5555) შესაბამისად შეღავათით ისარგებლებენ ის მოქალაქეები, რომლებიც თვის განმავლობაში ელექტროენერგიაზე მაქსიმუმ 37 ლარს ხარჯავენ. დაახლოებით ანალოგიური სიტუაციაა “ენერგო – პროს”აბონენტების შემთხვევაშიც, რომლებიც რეგიონებში არიან კონცენტრირებული.

ჯერჯერობით, ვერც “თელასში” და ვერც “ენერგო-პრო ჯორჯიაში”  აკონკრეტებენ, რამდენ აბონენტზე გავრცელდება შეღავათები, თუმცა, როგორც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში ითქვა, საუბარია, მინიმუმ, 1200 ათას აბონენტზე.

რაც შეეხება შეღავათს ბუნებრივი აირის მოხმარებაზე – აბონენტები შეღავათით ისარგებლებენ იმ შემთხვევაში, თუ ბუნებრივი აირის გადასახადი თვის განმავლობაში 83 ლარს არ გადააჭარბებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ბუნებრივ აირზე დაწესებული შეღავათით – 671 ათასი ოჯახი ისარგებლებს.

აღნიშნულ საკითხზე სპეციალური განცხადება გააკეთა ენერგოობმუნდსმენმაც.

“მისასალმებელია მთავრობის გადაწყვეტილება კომუნალური გადასახადების დაფარვასთან დაკავშირებით. წარმოდგენილი პაკეტი სრულად მოიცავს ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს და აგრეთვე საშუალო რგოლის მომხმარებლებს, რაც დადებითად აისახება მათ უფლებებზე. ენერგოომბუდსმენის სამსახური მზად არის, მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია მომხმარებლებს როგორც სატელეფონო კონტაქტის, აგრეთვე, სოციალური ქსელის დახმარებით”, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები