ლევან ნიკოლეიშვილი: ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგრამ გამოდიან „პოლიტიკოსები” და გვთავაზობენ ბუნდოვან ანტიკრიზისულ გეგმებს

„ხელისუფლებას მივმართავ – დღეს პოლიტკორექტულობის დრო არაა და კანონის შესაბამისად, უმკაცრესი ღონისძიებები გაატაროთ ყველა იმ პირის მიმართ, ვინც ხელს უწყობს კორონავირუსის გავრცელებას, არ თანამშრომლობს შესაბამის სამსახურებთან, ხელს უშლის ექიმებსა და ჯანდაცვის მუშაკებს პროფესიულ საქმიანობაში, ხელს უშლის შესაბამისი სტრუქტურების მუშაობას, ხელს უწყობს სამედიცინო თუ სასურსათო პროდუქტების ფასების ხელოვნურად ზრდას, ხელს უწყობს დეზინფორმაციის გავრცელებას და ხელს უწყობს მოსახლეობაში პანიკის და შიშის დათესვას”, – ამის შესახებ ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ნიკოლეიშვილი იმ კომპონენტებზე საუბრობს, რომლებიც მტერთან ბრძოლისა და წარმატების მისაღწევად არის საჭირო. ექსპერტის შეფასებით, ეს მცირე ჩამონათვალი გამარჯვების მისაღწევად აუცილებელია.

„ყველა სახელმწიფოს აქვს თავისი ეროვნული ინტერესები, ყველა თავის გზით მიდის, მაგრამ როდესაც მტერი შეუტევს, განსხვავებული პოლიტიკური თუ იდეოლოგიების ქვეყნებიც კი ერთიანდებიან საერთო მტრის წინააღმდეგ, სამაგალითოდ მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშიზმის წინააღმდეგ აშშ-ის, საბჭოთა კავშირის და დიდი ბრიტანეთის კოალიციაც კი გვეყოფა, შეგახსენებთ რომ ომის შემდეგ ეს ქვეყნები კვლავ საწინააღმდეგო ბანაკში აღმოჩნდნენ! სასტიკ მტერთან ბრძოლა ერთ-ერთი ღირსეული და ამავდროულად უძნელესი საქმეა, მით უმეტეს როცა მას არც საზღვრები გააჩნია და შენ თვალწინ ხედავ, როგორ ანგრევს შენზე ძლიერ და მდიდარ ქვეყნებს. მტერთან ბრძოლაში და წარმატების მისაღწევად რამოდენიმე კომპონენტია გასათვალისწინებელი: უნდა მიიღო პრევენციული ზომები, შეიმუშაო და აღასრულო მოქმედების გეგმა, გაატარო აუცილებელი ღონისძიებები და ა.შ. ამ დროს არანაკლებად მნიშვნელოვანია, რამდენად კონსოლიდირებულია თვითონ შენი ხალხი და საზოგადოება, რამდენად გაგებით და პატრიოტულად, დიახ, პატრიოტულად ეკიდებიან შენივე მოქალაქეები შენს ბრძოლას გარეშე მტერთან, რამდენად გამართულია მორალურად და ზნეობრივად, რადგან ეს მცირე ჩამონათვალი აუცილებელი პირობაა გამარჯვების მისაღწევად”, – წერს ნიკოლეიშვილი.

ექსპერტის თქმით, ბევრს ჰგონია, რომ ქვეყნის დამარცხება ხელისუფლების დამარცხებაა და ეს მათი გამარჯვების ანუ ხელისუფლებაში მოსვლის საწინდარია:

„თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ ომს თავის დაწერილი თუ დაუწერელი კანონები აქვს და აუცილებლად აჩენს სხვა სურათსაც: იმ დროს როდესაც შენ საშინელ მტერს ეომები, საიდანღაც, ჯოჯოხეთიდან გამოძვრებიან შინაური მტრები და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ შენი ქვეყანა დამარცხდეს და რაც შეიძლება მეტი ხალხი დაიღუპოს… რატომღაც ჰგონიათ ქვეყნის დამარცხება, ხელისუფლების დამარცხებაა, და ეს კი მათი გამარჯვების ანუ ხელისუფლებაში მოსვლის საწინდარია… მათ კი ამ გეგმაში ნებსით თუ უნებლიეთ ხალხის მცირე ნაწილიც უწყობს ხელს…

1. ქრება პირბადეები, მაგრამ მალევე ჩნდება, ოღონდ ძალიან ძვირად, უფრო მეტიც მისი უფასო დარიგებაც ხდება, ოღონდ ხალხის შეკრებისა და კორონავირუსის მასობრივად გავრცელების საფასურად (ზუგდიდში!)! 2. ხელოვნურად ხდება ფასების მატება, ვიღაცებმა ამ დროს გადაწყვიტეს ფულის შოვნა! 3. ხდება ექიმების წინააღმდეგ შეტევა, მუდმივი დისკრედიტაციის რეჟიმში გადაყვანა, იმის იმედად ვირუსის მასობრივი გავრცელების ან სიკვდილიანობის შემთხვევაში, იმავე წამს იყვირებენ ჩვენ ხომ თავიდანვე ვამბობდით, რომ ჯანდაცვის სისტემა არასწორად მუშაობსო! 4. სცენაზე ჩნდება სააკაშვილი, რომელსაც უცბად გული შესტკივა უცხოეთში მყოფ ქართველებზე და საქართველოში მათ დაბრუნებას გვთავაზობს, რომელმაც მშვენივრად იცის ხელისუფლება ამას ისედაც აკეთებს, მაგრამ მისი ტვინი ამ ეტაპზე მეტს ვერ წვდება… თუმცა მსგავს პროვოკაციულ განცხადებებს მისგან ალბათ ყოველდღე უნდ ველოდეთ; 5. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგრამ არა, მაინც გამოდიან „პოლიტიკოსები” და გვთავაზობენ ბუნდოვან ანტიკრიზისულ გეგმებს, საინტერესო რასა ეფუძნება მათ გეგმები, რა გამოცდილება აქვთ, ადრე რა გაუკეთებიათ ამ მიმართულებით, აქაც მარტივი ახსნა- ეპიდემიის პიკის რაღაც ეტაპზე გამოვლენ და იტყვიან, აი, ჩვენ ხომ გეუბნებოდით… რას გვეუბნებით ის მაინც გაგვაგებინეთ! 6. მედიის ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ დეზინფორმაციის გავრცელების და პანიკის დათესვის სრულიად შეგნებული კამპანია! 7. მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი ფაზა, განსაკუთრებით გააქტიურებული დისკუსია ზიარების წესის შესახებ, იმ ადამინების მიერ, ვინც ზიარება კი არა, სიტყვა სინანულის მნიშვნელობაც კი არ იცის, აქვე მოკრძალებით შეგახსენებთ, რომ ზიარება „ქრისტეს მიერ დაწესებული უმთავრესი საიდუმლო- იესო ქრისტეს სისხლისა და ხორცის მიღება” გახლავთ და შესაბამისად, ურწმუნოთა მიერ ამის გაგება შეუძლებელია, თუმცა ეს მათ ხელს არ უშლის ეკლესიას ებრძოლონ; მოინანიეთ ან ეს მაინც დაიმახსოვრეთ, რომ ამ ბრძოლას კი ყველაზე სამარცხვინოდ წააგებთ! 8. საზოგადოების რაღაც ნაწილის უკვე დანაშაულის ტოლფასი დოყლაპიობა, გულგრილობა და არა სერიოზული აღქმა კორონავირუსის საფრთხისა, რაც მათ ქუჩაში ბოდიალითა და ელემენტარული ჰიგიენის წესების დაუცველობით გამოიხატება”, – აღნიშნავს ექსპერტი.

ლევან ნიკოლეიშვილი ხელისუფლებას მიმართავს, კანონის შესაბამისად უმკაცრესი ღონისძიებები გაატანონ იმ ადამიანების მიმართ, ვინც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის წესებს არ ემორჩილება და არ თანამშრომლობს შესაბამის სამსახურებთან:

„ხელისუფლებას კი მივმართავ, რომ დღეს პოლიტიკ-კორექტულობის დრო არაა, შესაბამისად, უკვე არაერთი ადამიანი მოგიწოდებთ გამოავლინოთ და კანონის შესაბამისად უმკაცრესი ღონისძიებები გაატაროთ ყველა იმ პირის მიმართ ვინც:1. ხელს უწყობს კორონავირუსის გავრცელებას; 2. არ იცავს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის წესებს; 3. არ თანამშრომლობს შესაბამის სამსახურებთან; 4. ხელს უშლის ექიმებსა და ჯანდაცვის მუშაკებს პროფესიულ საქმიანობაში; 5. ხელს უშლის შესაბამისი სტრუქტურების მუშაობას; 6. ხელს უწყობს სამედიცინო თუ სასურსათო პროდუქტების ფასების ხელოვნურად ზრდას; 7. ხელს უწყობს დეზინფორმაციის გავრცელებას; 8. ხელს უწყობს მოსახლეობაში პანიკის და შიშის დათესვას.ყველას ჯანმრთელობას და მხნეობას გისურვებთ, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!”, – წერს ნიკოლეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები