ილია მეორე: მსოფლიო დიდ განსაცდელშია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, ღვთის წყალობა აღემატება ყოველ განსაცდელს
“მსოფლიო დიდ განსაცდელშია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, ღვთის წყალობა ყოველ განსაცდელს აღემატება”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ბოდბეში, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
„დიდ განსაცდელშია მსოფლიო, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთის წყალობა აღემატება ყოველ განსაცდელს. წყალობა ღვთისა მოევლინება კაცობრიობას. მწუხარება სიხარულით შეიცვლება. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო და მთლიანად მსოფლიო“, – განაცხადა ილია მეორემ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საკვირაო წირვას ბოდბის დედათა მონასტერში დაესწრო. ილია მეორემ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში წირვა ბოდბის ეპარქიის წინამძღვართან, მეუფე იაკობთან ერთად აღავლინა.
მონასტრის ტერიტორიაზე მორწმუნეები ლოცვას, ტაძრის ეზოში დამონტაჟებული აპარატურის საშუალებით ისმენდნენ და დისტანციის დაცვით იდგნენ.