ლალი ტურძელაძე: ჩვენს კლინიკაში მყოფი, კორონავირუსით დაინფიცირებული 3 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია, ველოდებით 14 დღის გასვლას, რომ გავუკეთოთ ტესტი
“კლინიკაში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”,- ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, 14 დღის გასვლას ელოდებიან, რომ სამივე პაციენტს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარონ.
„3 პაციენტის მდგომარეობა არის კარგი, მათ ჩივილი აღარ აქვთ, ტემპერატურა არ აღენიშნებათ, მოსმენით ფილტვებში პნევმონია აღარ აქვთ, სუნთქვის უკმარისობაც მოეხსნათ, ანუ, მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ველოდებით 14 დღის გასვლას, რომ გავუკეთოთ ტესტი“,- განაცხადა ლალი ტურძელაძემ.
ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 90 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან 18 გამოჯანმრთელდა.