მარინა ეზუგბაია: საქართველოში კორონავირუსისგან 18 ადამიანი გამოჯანმრთელდა, მათ შორის ორი ბავშვია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ბავშვი გამოჯანმრთელდა.
მისივე თქმით, ქვეყანაში კორონავირუსისგან ამ ეტაპზე 18 გამოჯანმრთელებული ადამიანია.
“დღეს დილის მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსის 90 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. გუშინდელს მერე დაგვემატა ხუთი. ჩვენთან 14 პაციენტზე გაკეთდა ტესტი და შედეგი ყველა მათგანზე უარყოფითია.
განმეორებით ჩატარებული ტესტების შედეგად ორ პაციენტთან უარყოფითია პასუხი კორონავირუსზე და დატოვებენ კლინიკას. ქვეყანაში გუშინ იყო 16 გამოჯანმრთელებული, აქედან 15 იყო ჩვენი, ამას დაემატება ორი და იქნება 17 გამოჯანმრთელებული ჩვენს ცენტრში. ჯამში 18. ამ 17-დან ორი ბავშვია. 5 ბავშვიდან, რომელიც ჩვენთან იყო მოთავსებული, 2 გამოჯანმრთელებული ბინაზე გადავა და სამი დარჩება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”,- განაცხადა ეზუგბაიამ.