თავდაცვის ძალები მარნეულისა და ბოლნისის საკარანტინო ზონას მკაცრად აკონტროლებენ
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პირადი შემადგენლობა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების საკარანტინო ზონას გამკაცრებული ზომებით აკონტროლებს.
თავდაცვის ძალების მიერ მოწყობილ ხუთ საკონტროლო გამშვებ პუნქტზე მკაცრად კონტროლდება მოქალაქეების გადაადგილება. სამედიცინო პერსონალი მათ პირველად სამედიცინო შემოწმებას უტარებს. ხუთივე გამშვებ პუნქტზე დამონტაჟებულია ძლიერი ღამის განათების სისტემა, განლაგებულია რკინა-ბეტონის ბარიერები და პერიმეტრი მავთულხლართებით არის შემოსაზღვრული. უსაფრთხოების ზომების კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით დამონტაჟებულია მოძრავი ვიდეოკამერები, რომლის მეშვეობითაც აღმოსავლეთ სარდლობის მართვის ცენტრი პირდაპირ რეჟიმში იღებს ინფორმაციას ადგილზე არსებული მდგომარეობის შესახებ. ხორციელდება კარანტინის ტერიტორიის „დრონით“ შესწავლაც.
ბოლნისისა და მარნეულის კარანტინის ზონად გამოცხადების პირველივე დღიდან თავდაცვის ძალები, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და უსაფრთხოების სამსახურთან სრული კოორდინაციით, საკარანტინო შეზღუდვებს საგანგებო რეჟიმში აკონტროლებს.