ნათია თურნავა: მივესალმებით ყველა მსხვილ საინვესტიციო პროექტს, განსაკუთრებით ახლა, როცა ფასეულია თითოეული ახალი ინვესტიცია და ახალი დასაქმებული
“მისასალმებელია, რომ, მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული მწვავე ეკონომიკური კრიზისის ფონზე, „ეიპიემ ტერმინალსი” კვლავაც მტკიცედ ინარჩუნებს საქართველოში მასშტაბური – 300 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელების, ფოთის პორტის გაფართოებისა და ახალი სიმძლავრეების აშენების სურვილს”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „ეიპიემ ტერმინალს ფოთისთვის” მიწათსარგებლობის ნებართვის გაცემაზე კომენტარისას განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, ეს არის, პრაქტიკულად, დამატებით 10 მილიონი ტონის გამტარუნარიანობის საპორტო ინფრასტრუქტურა და, რაც მთავარია, 1000-მდე დასაქმებული ადამიანი, რაც განსაკუთრებით დღეს, კორონავირუსის გამოწვევის წინაშე მდგარი ქვეყნისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია.
„ამიტომ, კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების დეტალური შესწავლისა და ექსპერტიზის შემდეგ, ჩვენ გავეცით პირველი ეტაპის მიწათსარგებლობის ნებართვა ამ პროექტზე. რა თქმა უნდა, ეს არ არის საბოლოო ნებართვა და წინ კომპლექსური პროცესია გასავლელი – დასაზუსტებელია პროექტის დეტალები, სტრუქტურა, მოსამზადებელია გარემოზე ზემოქმედების შეფასება. მაგრამ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პროექტი დროულად განხორციელდება და, რაც მთავარია, დასაქმდებიან ადამიანები. ამიტომ მივესალმებით ყველა მსხვილ საინვესტიციო პროექტს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ფასეულია თითოეული ახალი ინვესტიცია და ახალი დასაქმებული”, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, სახელმწიფოს დიდი გეგმები აქვს, ზოგადად, შავიზღვისპირეთში, მათ შორის, ბუნებრივია, ნომერ პირველი პრიორიტეტი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენებაა.