პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

საბჭოს სხდომაზე განიხილეს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მოქმედი საგანგებო მდგომარეობის შედეგად დაწესებული შეზღუდვების, მათ შორის, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო რეჟიმის აღსრულების საკითხები. აღინიშნა, რომ რეგიონში მშვიდი ვითარებაა, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები სრულად აკონტროლებენ. ქსელურ სუპერმარკეტებში პროდუქტის მიწოდების კუთხით პრობლემა არ არსებობს. მცირედი შეფერხებები დაფიქსირდა ცალკეული სოფლების მცირე მარკეტებში, რისი აღმოფხვრის მიზნითაც დღეს რეგიონში ჩავა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი და პროცესს უშუალოდ გაუწევს კოორდინაციას. აღინიშნა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას შეუფერხებლად მიეწოდება მედიკამენტები და საბანკო სერვისები და ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართული მოხალისეები.

ამასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებითა და სამედიცინო პერსონალით დაკომპლექტებულმა ჯგუფებმა რეგიონში უკვე შეამოწმეს 20 ათასი ადამიანი, რომელთაგან ტემპერატურა მხოლოდ 25-ს დაუფიქსირდა. მათგან საყურადღებოა მხოლოდ ორი პირი.

დღეიდან, მარნეულსა და ბოლნისში ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყება. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე. შესაბამისი ღონისძიებები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალური ტექნიკით ჩატარდება.

უწყებათაშორისი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 73 პაციენტიდან 10 უკვე გამოჯანმრთელდა. უწყებათაშორის საბჭოს მიეწოდა ინფორმაცია, რომ ინფიცირებულთაგან ორმა პირმა საქართველო ავსტრიის მიერ დანიშნული სპეციალური რეისით დატოვა, 10 პაციენტი ამ ეტაპზე გაწერილია, ხოლო მკურნალობას განაგრძობს – 61 პაციენტი. ყველა მათგანს შესაბამისი მკურნალობა უტარდება. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 252 პირი.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, კოორდინებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით, სხდომებს პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით სისტემატურ რეჟიმში განაგრძობს.

საბჭოს მუშაობაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები