“ვირუსი კვლავ მძვინვარებს, საქართველო კი პატარაა, შეიძლება ყველა ჩვენგანის ერთბაშად დაბრუნებას ვერც გაუძლოს” – ქართველი ემიგრანტის მოწოდება
“ვირუსი კვლავ მძვინვარებს, ჩვენი ქვეყანა კი პატარაა და თუკი ამ ვირუსთან ბრძოლა არ დაასრულა, ცხადია – გამარჯვებით (რაშიც ეჭვი არ მეპარება), თუკი ცოტათი არ ამოისუნთქა, შეიძლება ყველა ჩვენგანის ერთბაშად დაბრუნებას ვერც გაუძლოს…”-ამის შესახებ ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ინა ასანიძე სოციალურ ქსელში წერს. ის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, საქართველოში დაბრუნებისგან ჯერჯერობით თავი შეიკავონ.
,,ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო, ჩემო საყვარელო ემიგრანტო ქართველებო! დარწმუნებული ვარ, ცოტა ხნის წინ ერთი ჩვენგანიც კი ვერ წარმოიდგენდა, ამგვარი განსაცდელის წინაშე თუ დავდგებოდით, თანაც – მთელი სამყარო არადა, უფალმა იცის, მეც – წლების განმავლობაში ამერიკაში ემიგრირებულს და თქვენც, სხვადასხვა ქვეყანაში მიმოფანტულებს, რამდენი განსაცდელი გვაქვს გამოვლილი, ჩვენი ოჯახები რომ გადაგვერჩინა. რამდენს გავუძელით, რომ ემიგრაციიდან დავხმარებოდით ჩვენს პატარა და ლამაზ ქვეყანას და იქ დარჩენილ ადამიანებს. ფაქტი კი ის არის, რომ როგორც მთელი სამყარო, დღეს ჩვენც, საქართველოში დარჩენილი ჩვენი ოჯახებიც და ახლობლებიც ყველა განსაცდელზე უდიდეს განსაცდელს შევესწარით.
კორონავირუსი დედამიწას მართლაც შავი ჭირივით შეეყარა და წარმოუდგენელი საშიშროების წინაშე დაგვაყენა. ჩემს ემიგრანტ მეგობრებთან ერთად, შეძლებისდაგვარად ვცდილობ, ყველას მოგწვდეთ, ამ გასაჭირში გვერდით დაგიდგეთ, უცხოეთში ცხოვრება შეგიმსუბუქოთ… მაგრამ, მეც, ისევე როგორც თქვენ, ძალიან მეშინია ხვალინდელი დღის; მეშინია საქართველოში დატოვებული ჩემი ერთადერთი შვილისა და ოჯახის წევრების, ახლობლების გამო; მეშინია, ჩვენი პატარა ერის მომავლის გამო; მეშინია და ვღელავ თიოთეულ თქვენგანზე.
ბოლო ორ დღეში უკვე ამერიკის შეერთებული შტატები იქცა ყველაზე ცხელი წერტილად. ელვისუსწრაფესად გაიზარდა ინფიცირებულების რიცხვი. მაგრამ ამერიკა მაინც დიდი ქვეყანაა, ევროპის ქვეყნებიც – თუნდაც ტერიტორიით ბევრად უსწრებენ ჩვენს ერთ ბეწო საქართველოს! ამ დღეებში დღესა და ღამეს ვასწორებთ აქ, ამერიკაში და, ასევე, ევროპაში მცხოვრები გულანთებული ემიგრანტი ქართველები, როგორმე ერთმანეთს ამოვუდგეთ მხარში და გაჭირვებაში მყოფ ჩვენს ემიგრანტებს დავეხმაროთ თუ დაბინავებაში, თუ საკვები პროდუქტებით ან მედიკამენტებით… ვისაც რა სჭირდება – იმით. კრიზის-ცენტრებს ვქმნით ევროპის ქვეყნებში, რომ უფრო იოლად მოვძებნოთ ჩვენებურები, უფრო კოორდინირებულად ვიმოქმედოთ, მაგრამ… ძალიან ბევრს ვფიქრობ ერთ უდიდეს და საშიშ, სარისკო ამბავზე, მაგრამ მარტო ჩემი ფიქრი არაფერია, მინდა ეს ნაფიქრი თქვენ გაგიზიაროთ და იქნებ ერთად უკეთ ვიფიქროთ და რაღაც გამოსავალი ვიპოვოთ…
გთხოვთ, ბოლომდე მომისმინოთ და ვიდრე ემოციით მიპასუხებთ, თქვენც დაფიქრდეთ… ამ წუთებში საქართველო ვაჟკაცურად ებრძვის ვირუსს, გონივრულად ებრძვის! ვიცი, ჩემსავით თქვენც გეამაყებათ, ქართველი პროფესიონალებისა და ხელისუფლების ერთიანი ძალისხმევით ამ განსაცდელთან ამგვარად მებრძოლი ქვეყანა უკვე სანიმუშოდ, თითით საჩვენებელი რომ გახდა მსოფლიოში; ასე რომ გამოირჩა ბევრი ძალიან განვითარებული ქვეყნისგან, მაგრამ…
აი, რა მაფიქრებს… ვირუსი კვლავ მძვინვარებს, ჩვენი ქვეყანა კი პატარაა და თუკი ამ ვირუსთან ბრძოლა არ დაასრულა, ცხადია – გამარჯვებით (რაშიც ეჭვი არ მეპარება), თუკი ცოტათი არ ამოისუნთქა, შეიძლება ყველა ჩვენგანის ერთბაშად დაბრუნებას ვერც გაუძლოს… იქ ჩვენი ოჯახის წევრები არიან და სადაც აქამდე სწორედ მათზე ზრუნვის გამო ავიტანეთ საქართველოდან შორს ყოფნა, ცოტა ხნით კიდევ ხომ არ შევიცადოთ და ისევ ჩვენი ოჯახების ვირუსისგან დასაცავად (უნებლიეთ აქედან არ ჩავუტანოთ რაიმე), მათი ჯანმრთელობისთვის და საყვარელი ქვეყნის სასიკეთოდ, მერე სანანებლად რომ არ გაგვიხდეს, სულ მცირე ხნით დაველოდოთ სიტუაციის გაუმჯობესებას. მანამდე ჩვენი ერთობით, როგორც ყოველთვის, კვლავ აქ დავუდგეთ ერთმანეთს მხარში…
გთხოვთ, ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება, ერთმანეთს დავეხმაროთ და გავაძლებინოთ იქ, სადაც ახლა ვართ და გავუფრთხილდეთ ჩვენს ოჯახებს, ქვეყანას… ჩვენი ერთად ჩასვლა ვფიქრობ, ძალიან სარისკოა…
ეს ჩემი მოკრძალებული თხოვნაა, დავფიქრდეთ და ისე გავაკეთოთ… ამდენი ხნის განმავლობაში სამშობლოდან შორს მყოფებმა, იქნებ კიდევ ცოტა ხნით გავუძლოთ ამ განშორებას… ძალიან მადარდებს ჩვენი შვილების, ოჯახების, მოხუცი მშობლების, ჩვენი პატარა სამშობლოს და ერის ბედი. უფალს ვებარებოდეთ. ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით. პატივისცემით, ინა ასანიძე“, – აცხადებს ინა ასანიძე.