უპოვართა სასადილოს ბენეფიციარებისთვის სადილის სახლში მიტანას გორის მერიის თანამშრომლები ახორციელებენ

უპოვართა სასადილოს ბენეფიციარებისთვის სადილის სახლში მიტანას გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები უკვე ერთი კვირაა, ახორციელებენ.

დღეს ცხელი სადილი სახლში 50-მდე მსურველმა მიიღო. აქციაში, ამ ეტაპზე, გორისა და ატენის ეპარქიასთან არსებული უფასო სასადილოს ბენეფიციარი ოჯახებია ჩართული. მათ შორის არიან როგორც ქალაქში, ასევე, მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მცხოვრები მოსახლეობა.

გორის მუნიციპალიტეტის მერია მომზადებული ულუფების ბენეფიციარებამდე მიტანას უზრუნველყოფს, სადილი კი გორისა და ატენის ეპარქიასთან არსებულ უპოვართა სასადილოში ეპარქიის ხარჯებით მზადდება. გორის მერიის თანამშრომლებს, რომლებიც აქციაში მოხალისეებად არიან ჩართულნი, გავლილი აქვთ ყველა ინსტრუქცია, რითაც შეუძლიათ, დაიცვან როგორც საკუთარი, ასევე, სასადილოს ბენეფიციართა უსაფრთხოება.

აღნიშნულ აქციასთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო მუშაობს, რომ კუთვნილი საკვები სახლში მიაწოდოს გორის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღის 6000 აღსაზრდელს. დღემდე საკვებს მხოლოდ სოციალურად დაუცველი 900 აღსაზრდელი იღებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები