ლევან დავითაშვილი: სურსათის მიწოდების ჯაჭვი განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობას მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს
“ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს კონტროლი მომარაგების ნაწილში, რათა ქვეყანაში მომარაგების შეფერხება არ იყოს”, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, სურსათის მიწოდების ჯაჭვი განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობას მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს.
„იცით, რომ ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს კონტროლი მომარაგების ნაწილში იმისათვის, რომ ქვეყანაში არ იყოს, ერთი მხრივ, მომარაგების შეფერხება. კითხვები ისმოდა კონკრეტულად საკარანტინო ზონაში მომარაგებასთან დაკავშირებით, ასევე, სასოფლო-სამეურნეო, თუ სურსათის მიწოდების ჯაჭვის ყველა ოპერატორის მუშაობის თემასთან დაკავშირებით. იცით, რომ განსაკუთრებულ რეჟიმში სურსათის მიწოდების ჯაჭვი აგრძელებს მუშაობას მთელი ქვეყნის მასშტაბით. დამატებითი მოთხოვნები, დამატებითი გაიდლაინები და რეკომენდაციები არსებობს საკარანტინო ზონაში უშუალოდ სურსათის ოპერატორებთან დაკავშირებით, სადაც, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ზომები არის კიდევ უფრო გამკაცრებული, რათა დაავადების გავრცელების პრევენცია მოვახდინოთ. ეს კითხვები, ალბათ, მოსახლეობას აწუხებს, რომ თვითონ საკარანტინო ზონაში არ შეიქმნას დეფიციტი, ერთი მხრივ, სურსათთან, მეორე მხრივ – პირველადი საჭიროების ყველა სხვა პროდუქტთან. ეს ეხება როგორც მედიკამენტებს, ასევე, საწვავს, საფინანსო სერვისებსა და სხვა იმ მნიშვნელოვან, აუცილებელ პროდუქციას, რომელიც მოსახლეობის ფუნქციონირებისთვის არის საჭირო. ამ კუთხით იცით, რომ ჩვენ გვაქვს სრული კოორდინაცია, მათ შორის – შსს-სთან, იმ უწყებებთან, რომლებიც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზეა პასუხისმგებელი იმისთვის, რომ ორგანიზებულად მოხდეს ამა თუ იმ პროდუქტის რეგიონში შეტანა და, ასევე, მოძრაობა მძღოლების. მათ სპეციალური ეკიპირება ექნებათ, მანქანების სპეციალური დამუშავება ხდება სადეზინფექციო ხსნარებით. ეს პროცედურები შეთანხმებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან იმისთვის, რომ დაავადების გავრცელების რისკი ავიცილოთ თავიდან. მუშაობას ჩვენ 24-საათიან რეჟიმში ვაგრძელებთ, მათ შორის – სამინისტროში არსებობს სპეციალურ მინი-შტაბი კორონავირუსთან ბრძოლის პირობებში სხვადასხვა მიმართულების კოორდინაციისთვის. ვართ კავშირზე ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებასთან იმისთვის, რომ ის მიმართულება, რომელზეც პასუხისმგებლობა გვაკისრია, შესრულდეს შეფერხების გარეშე“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.