თამაზ ნავერიანი: მარნეულელებო, მოგიწოდებთ, დარჩეთ სახლში და ერთად შევაჩეროთ ვირუსის გავრცელება
მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი, თამაზ ნავერიანი სოციალურ ქსელში მიმართვას აქვეყნებს და მარნეულელებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, ხელისუფლების მთავარი ამოცანაა მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ამიტომ საკარანტინე შეზღუდვების დაცვა აუცილებელია.
„ჩემო ძვირფასო თანამოქალაქენო, დღეს მარნეული ისევე, როგორც საქართველოს დანარჩენი რეგიონები, დიდი გამოწვევის წინაშეა. უხილავ მტერთან, კორონავირუსთან (COVID-19) ბრძოლა, ცხადია, დიდ რესურსებს მოითხოვს. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, მთავრობამ მარნეულსა და ბოლნისში, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ვირუსის გავრცელების მაქსიმალურად შესაკავებლად, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები დააწესა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებისთვის მთავარი ამოცანაა მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და სწორედ ამ მიზნით, ზემოაღნიშნული ღონისძიებების გატარებით უნდა შევაჩეროთ ამ ეტაპზე ვირუსის მასობრივი გავრცელება”, – აცხადებს თამაზ ნავერიანი.
მისი თქმით, ვირუსის გავრცელების ყველა ეტაპზე სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა და ახლაც აკეთებს იმისათვის, რომ საზოგადოება და თითოეული მოქალაქე მაქსიმალურად იყოს დაცული.
„პანიკა, რა თქმა უნდა, არ არის საჭირო და არც ამის მიზეზები არსებობს, მაგრამ საჭიროა მეტი სიფრთხილე. სიფრთხილე კი ნიშნავს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაციის დაცვას – დავრჩეთ სახლში! მე, როგორც ამ მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 24 საათიან რეჟმში ვიმუშავებ იმისთვის, რომ საგანგებო რეჟიმის პირობებში, არსებულ გამოწვევებს ვუპასუხოთ ეფექტიანად და თავიდან ავიცილოთ ვირუსის მასშტაბური გავრცელება. ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობების ზედმიწევნით შესრულება”, – წერს თამაზ ნავერიანი.