მარინა ეზუგბაია: ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 3 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 3 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
მისი თქმით, მათი მდგომარეობის სიმძიმის განმაპირობებელი არის ასაკი და თანარსებული დაავადებები.
“ჩვენს ცენტრში 3 მძიმე პაციენტი გვყავს, რომელთა სიმძიმის განმაპირობებელი არის, გარკვეულწილად, ხანდაზმულობის ასაკი და თანარსებული დაავადებებიც განსხვავებულია – ერთთან არის ჰიპერტონული დაავადება დამამძიმებელი ფაქტორი, მეორესთან დამამძიმებელი ფაქტორია შაქრიანი დიაბეტი და მესამესთან დამამძიმებელი ფაქტორი არის მძიმე ნერვოლოგიური დაავადება. სამივე პაციენტთან არის პნევმონია სხვადასხვა სიმძიმით. განსაკუთრებით მძიმე არის ორ პაციენტში პნევმონია, მესამესი არ არის სიტუაციასთან შედარებით მძიმე. გუშინდელთან შედარებით განსაკუთრებული პროგრესირება არ შეინიშნება. ამ პაციენტებთან სტაბილიზაცია ჯერ მიღებული არ გვაქვს, მაგრამ განსაკუთრებული მძიმე პროგრესი არ არის, რაც დამამშვიდებელ ფაქტორად შეიძლება გვევლინებოდეს, რომ ამ სიტუაციაში კარგად დაგვიმთავრდეს”, – განაცხადა ეზუგბაიამ.