ეკატერინე ტიკარაძე: ეპიდემიის აფეთქების ყველაზე დიდი რისკი შემდეგ ორ კვირაშია მოსალოდნელი
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თუ ყველა შემდეგ მითითებას დავიცავთ და იმ ხარისხით შევასრულებთ, რითაც მითითებულია, ჩვენ შევძლებთ, ეპიდემიური აფეთქება გაცილებით უკეთესად გადავლახოთ, ვიდრე ამას ევროპის ნებისმიერი სხვა ქვეყანა აკეთებს.
მინისტრის თქმით, საგანგებო რეჟიმი წინა კვირას სწორედ იმიტომ გამოცხადდა, რომ ეპიდემიის აფეთქების დიდი რისკი შემდეგ ორ კვირაშია მოსალოდნელი.
„ეპიდემიის აფეთქების ყველაზე დიდი რისკი შემდეგ ორ კვირაშია მოსალოდნელი. წინა კვირას სწორედ აქედან გამომდინარე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ საგანგებო რეჟიმი გამოგვეცხადებინა. ჩვენი მოქალაქეებისთვის ეს უნდა გახდეს მესიჯი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, შესრულდეს ყველა მითითება, რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ჯანდაცვის სამინისტრო იძლევა. იმ შემთხვევაში, თუ ყველა შემდეგ მითითებას დავიცავთ და იმ ხარისხით შევასრულებთ, რითაც მითითებულია, ჩვენ შევძლებთ, ეპიდემიური აფეთქება გაცილებით უკეთესად გადავლახოთ, ვიდრე ამას ევროპის ნებისმიერი სხვა ქვეყანა აკეთებს“, – განაცხადა ტიკარაძემ.
მინისტრმა, ასევე, აღნიშნა, რომ მთავრობა ვერ გახდება თითოეული მოქალაქის ქცევაზე პასუხისმგებელი, ამიტომაც მოუწოდებს მოქალაქეებს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები დაიცვან.
საქართველოში კორონავირუსის 66 შემთხვევაა დაფიქსირებული.