„რომ შემეძლოს, ირგვლივ ყველას და ყველაფერს გავაფერადებდი“ – სუკულენტების კოლექცია და თექით დახატული ანიმაციის გმირები

0

თოჯინების კეთება ბავშვობიდან მოსწონდა. სკოლის პერიოდში სამხატვრო სკოლაშიც დადიოდა. მედეა ჩახავას სახელობის თეატრალური კინოაკადემია დაამთავრა.  ფერწერას, მოდის დიზაინს, კერვას და თექის ტექნიკასაც იქ გაეცნო პირველად. შემდეგ ისე მოხდა, რომ თურქეთში მოუწია ცხოვრებამ ლაზ მეუღლესთან ერთად.
საბავშვო ფოტოსტუდიებს ამარაგებს სათამაშოებითა და მინიატურული დეკორაციებით. სასაჩუქრე და სამახსოვრო ნივთებს ამზადებს, თავის  მიერ გახარებული ყვავილებით ალამაზებს საყვავილეებს, რომლებიც ასევე თავად გააკეთა. ამბობს, რომ სწორედ საყვავილეებზეა დიდი მოთხოვნილება.
შექმნა  ზღაპრის უამრავი პერსონაჟი, თავადაც წერს ზღაპრებს და სამომავლოდ კრებულის გამოცემასაც აპირებს.
წინასწარ არასდროს იცის, როდის ეწვევა მუზა. მთავარია, კომფორტულად იგრძნოს თავი. – ხელოვან ლილი მეშველიანის პერსონა.

 – ბავშვობაში საკმაოდ მდიდარი ფანტაზია მქონდა, ისევე როგორც ბავშვების უმეტესობას. თუმცა მათგან იმით გამოვირჩეოდი, რომ მალე მბეზრდებოდა თამაში. განცალკევება და ფიქრი მიყვარდა ღრუბლებზე – საით მიემართებოდნენ ისინი, როგორ იცვლიდნენ ფორმასა და ფერებს, რას გრძნობდნენ ფრინველები ფრენისას.
როგორ მინდოდა, მეც მათთან ერთად ფრენა და მუდამ მოგზაურ ღრუბლებში ცხოვრება. ზაფხულობით, როცა არდადეგებზე იმერეთის სოფელში ჩავდიოდი, ნამდვილი თავგადასავლები იწყებოდა – იქ საოცნებოდ იდეალური გარემო მქონდა, ასევე ბუნებისგან ბოძებული რესურსები, რითაც თოჯინებს და სხვადასხვა ფიგურას ვაკეთებდი. ბაბუას სიხარულით ვეხმარებოდი სოფლის საქმეებში, მცენარეების, მიწისა და ცხოველების სიყვარულიც იქ გამიღვივდა.
ახლაც ძალიან მიყვარს მცენარეები, სუკულენტების კოლექცია მაქვს, მათთვის  საყვავილეებსაც თავად ვამზადებ.
ხატვა ბავშვობიდან გიყვარდათ
– სკოლის პერიოდში  პარალელურად სამხატვრო სკოლაშიც დავდიოდი, მაშინ ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებდი, რომ ხელოვნება ჩემი მთავარი მექანიზმი იყო. შემდეგ ჩავაბარე მედეა ჩახავას სახელობის თეატრალურ კინოაკადემიაში. ვსწავლობდი ფერწერას, მოდის დიზაინს, კერვას და თექის ტექნიკასაც იქ გავეცანი პირველად.
2  წელია თურქეთში  სხვადასხვა სერტიფიცირებული ხელსაქმის კურსებზე დავდივარ. შევისწავლე ბამბუკით კალათების მოწვნა, დეკორატიული ნივთებისა და აქსესუარების დამზადება. ახლახან ჩავეწერე კერამიკის კურსებზე და დიდი ინტერესით ველოდები სწავლის დაწყებას. ასევე დავეუფლე ფილოგრაფიის ხელოვნებასაც.
რატომ  მაინცდამაინც თექა?
– თექამ პირველივე ლექციაზე მომაჯადოვა  პირველ რიგში იმით, რომ  ნატურალურია და ადვილად დასამორჩილებელი. თექას აქვს 2 ძირითადი ტექნიკა – სველი და მშრალი, რომლებიც კიდევ ბევრნაირად გამოიყენება. ჩემი ძირითადი საქმიანობა კიდევ იმიტომ გახდა თექა, რომ  მისით უამრავი რამის დამზადებაა შესაძლებელი. ესაა – შლაპა, შარფი, ჩანთა, ტელეფონის ბუდე, სათამაშოები, პანო, თექის საპონები და კიდევ ბევრი რამ. თექით ხატვაც დავიწყე როგორც ანიმაციური, ასევე რეალისტური სტილით.
თექაზე მუშაობთ და ამზადებთ თექის ჩანთებს, შარფებს, სამკაულებს, გულსაბნევებს, თოჯინებს, ანგელოზებსდღეღამეში დიდხანს მუშაობთ. გაქვთ შეკვეთებიცყველაზე მეტად რაზეა მოთხოვნილება?
– ხსენებულ სიას კალათებს და საყვავილებს, მაგნიტებსა და ბრელოკებს დავამატებ.
მე ვამარაგებ საქართველოს სუვენირების რამდენიმე ქსელს, ძირითადად სათამაშოებს მიკვეთავენ. საყვავილეებს, მაგნიტებსა და ბრელოკებს, გულსაბნევებს. სათვალისა და ტელეფონის ბუდეებიც კარგად იყიდება.
თურქეთიდ პატარა ლამაზ ქალაქში ცხოვრობთ, თქვენი მეუღლე ლაზია. როგორ შეეგუეთ უცხო ქვეყანას?
– თავიდან გამიჭირდა შეგუება, რადგან, ძირითადად, მარტო ვიყავი, უმეგობროდ, ენა არ ვიცოდი და ჩვეულ თბილისურ რიტმს ჩამოვრჩი, შეკვეთების კეთებას ძველებურად ვაგრძელებდი და რაც დრო გადიოდა, უფრო მეტს ვსწავლობდი, ვვითარდებოდი ჩემს საქმიანობაში, რამაც  უფრო მეტი დაინტერესება გამოიწვია საქართველოს მხრიდან. მას შემდეგ აქტიურად ვაგზავნი შეკვეთებს, ერთი თავისუფალი დღეც არ მაქვს.
დღის პირველ ნახევარში კურსებზე დავდივარ, სადაც უამრავი მეგობარი მყავს. მეორე ნახევარში კი ოჯახის საქმეებსა და შეკვეთებს ვასრულებ. შაბათ-კვირას თავს ჩემი ყვავილების მოვლით ვირთობ.
უამრავი ხელნაკეთი სათამაშოა თქვენს კოლექციაში, უფრო მეტადპანდები და ბუებიზღაპრებს წერთ და გმირებიც შექმენით უკვე. წიგნის გამოცემას აპირებთ... შთაგონება როგორ მოდის?
– ლექსებსა და  ზღაპრებს ბავშვობიდან ვწერდი, მგონია, რომ ყველაფერს იმაზე მეტად ვგრძნობდი და განვიცდი, ვიდრე გარშემომყოფები. ინსპირაცია შეიძლება მოიტანოს წვიმის სურნელმა, ზღვის ტალღების ღელვამ, რომლებსაც ბევრი აქვთ მოსაყოლი მათთვის, ვინც უსმენს. საყვარელმა მელოდიამ ან თუნდაც სიზმრებმა…
წინასწარ არასდროს ვიცი, როდის მეწვევა მუზა. მთავარია, კომფორტული ზონა შემექნას და თავი მყუდროდ ვიგრძნო. დანარჩენი ბუნებრივად და მოულოდნელად ხდება, ვდგები და ჩემი განცდების თავმოყრას, „ძერწვას“ ვიწყებ – ხან სათამაშოების სახით, ხანაც ზღაპრის სიუჟეტისა და პერსონაჟების სახით.
5 წლის შვილი – იაკობი მყავს, მასთან ხშირად მიწევს რაიმე საინტერესო ამბის შეთხზვა, რომელსაც მომენტალურად ვიგონებ, ზოგჯერ თუ იდეა მომეწონა, ჩანახატის დონეზე ვიწერ. ასეთი ჩანახატი ბევრი მაქვს, ერთხელ იქნებ მოვიცალო და ყველა ნაშრომი ავკინძო, დავამუშავო და წიგნად გამოვცე.
თუმცა ამ ეტაპზე ამას არ ვაპირებ, ამისთვის ჯერ გამბედაობა არ მყოფნის, რადგან ძალიან თვითკრიტიკული ვარ. ფანტაზიორობაში იაკობი მეხმარება, მუშაობითაც ძირითადად მასთან ერთად ვარ, ის თავისი საღებავებით ხატავს, მე – ჩემებით. თან ბევრს ვსაუბრობთ, საინტერესოა მის მიერ აღქმული სამყარო, ძირითადი იდეებიც მისგან მომდის.
– ფეისბუქგვერდი: Art of Lili Meshveliani ალბათ მომხმარებელთან მეტი კომუნიკაციის საშუალებას გაძლევთ
– დიახ, ძირითადად, ჩემი საიტიდან მომდის შეკვეთები, თურქეთში თავიდან არავინ იცოდა ჩემი საქმიანობის შესახებ, როცა ენა ვისწავლე და კურსებზე სიარული დავიწყე, მეგობრებიც გავიჩინე და მუდმივი დამკვეთებიც. საბავშვო ფოტოსტუდიებს ვამარაგებ სათამაშოებითა და მინიატურული დეკორაციებით. სასაჩუქრე და სამახსოვრო ნივთებს ვამზადებ ნიშნობის წვეულებებისთვის, ასევე ჩემ მიერ გახარებული ყვავილებით ვალამაზებ საყვავილეებს, რომლებიც ასევე ჩემი გაკეთებულია.
აქტიურად ვმონაწილეობ სეზონურ და ტრადიციულ დღესასწაულებში. წელს ვორკშოპების გაკეთებაც დავიწყე, შავიზღვისპირეთში თექის შემსწავლელი კურსები არ არის და ძალიან ბევრს აქვს სწავლის სურვილი.
ვაპირებ გამოცდების ჩაბარებას და სახელმწიფო სასწავლებელში თექის კურსების გახსნას, პროგრამა უკვე შევისწავლე, რადგან ამ გამოცდებისთვის ორი სხვა დარგის მასწავლებელი მოვამზადე თექაში და წარმატებით გადალახეს ბარიერი. ახლა, იაკობის ბაღის რეჟიმის გამო, არ შემიძლია მეზობელ ქალაქში გამოცდებისთვის სიარული, აქ ბაღები მხოლოდ 4 საათნახევარი გრძელდება და ფიზიკურად ვერ  მოვასწრებ. ამასთან, ოჯახის საქმეც ბევრი მაქვს.
 ოჯახი, მეუღლე, შვილებიროგორ უთავსებთ საოჯახო საქმეებს და ხელოვნებას?
– რეჟიმი გაწერილი მაქვს,ზუსტად მაქვს დრო გათვლილი და დაგეგმილი, სადილის დრო, დალაგების დრო, ბავშვთან ერთად გასეირნების დრო, ჩემი ორივე აივანი და სახლი სავსეა ყვავილებით, რომლებსაც ძირითადად შაბათ-კვირას ვუვლი. იშვიათად გავდივარ მეგობრებთან გასართობად, იმდენად მივეჩვიე ასეთ რეჟიმს, რომ სხვაგან მალე ვიწყენ და შინ, ჩემს სახელოსნოში  მალევე მინდა დაბრუნება.
-ჰობი…
– სუკულენტებით ვარ გატაცებული, ჯერ მაქვს 120 სახეობა, მათი რიცხვი იზრდება, უბრალოდ ადგილი აღარ მყოფნის და სათბურის გაკეთებაზე დავიწყე ფიქრი. მიწაზე მუშაობა ბავშვობიდან მიყვარდა, იმედი მაქვს, მალე განვახორციელებ ჩემს გეგმას. ყვავილებს ვამრავლებ და ჩემი საყვავილეებით გამოფენებზეც გამაქვს. შეკვეთებიც სულ მაქვს და ვაპირებ მებაღეობასაც მივყო ხელი.
– როგორ ამზადებ ორგინალურ საყვავილეებს…
– საყვავილეები ყველაზე მოთხოვნადია. ქვის ფხვნილის ტექნიკით ვამზადებ და ყალიბში ვასხამ. ვაშრობ, ვამუშავ და ვღებავ.
შორიდან დანახული თბილისი...
თბილისი განსაკუთრებული ქალაქია, ვინც კი იქაა ნამყოფი ერთხელ მაინც, აუცილებლად მოუნდება ისევ იქ მოხვედრა. ძნელია ჩემი მშობლიური ქალაქისგან შორს ყოფნა. როცა თბილისიდან მივემგზავრები, თითქოსჩემი ნაწილი ისევ იქ რჩება და მელოდება, ისევ როდის დავბრუნდები.
რას შეცვლიდით თქვენ ირგვლივ?
– ძალიან ბევრ რამეს შევცვლიდი… რომ შემეძლოს, ირგვლივ ყველას და ყველაფერს გავაფერადებდი. ადამიანებს ნათელი ფერები აკლიათ როგორც გადატანითი, ასევე პირდაპირი მნიშვნელობით.
ვისურვებდი ისეთ სამყაროში ცხოვრებას, სადაც არავის სტკივა, არავის შია, სადაც მხოლოდ სიყვარული და ვანილის სურნელია, როგორც ჩემს ზღაპრებში.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 










კომენტარები

კომენტარი