ბორჯომში გარევაჭრობა შეიზღუდა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის, დავით ზაალიშვილის დავალებით, ქალაქის ცენტრში გარევაჭრობა დღეიდან შეიზღუდა.
გარემოვაჭრეებს მითითება მიეცათ, რომ საქმიანობა მათთვის განკუთვნილ ჯიხურებში განახორციელონ და აღარ დაიკავონ აქამდე უნებართვოდ ათვისებული მიმდებარე სავალი ნაწილი, მათ კი ვისაც სავაჭრო ჯიხურები არ აქვთ საქმიანობას ცენტრალურ აგრარულ ბაზარში გააგრძელებენ.
მერიის სპეციალური სამსახურის მიერ აღნიშნული ტერიტორია ასევე, გათავისუფლდა ამორტიზებული ავტოტრანსპორტისაგან, რომელსაც მოვაჭრეები სათავსოებად იყენებდა და ანტისანიტარიას ქმნიდა. მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა, გაირეცხა და დეზინფექცია ჩაუტარდა.
დავით ზაალიშვილის თქმით, უნებართვო გარევაჭრობაზე მონიტორინგი ყოველდღიურად განხორციელდება, ბორჯომის დასუფთავება-კეთილმოწყობის სამსახურის მიერ ასევე ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები.