ვლადიმერ კონსტანტინიდი: უცხოეთში საქართველოს 20-მდე მოქალაქეს დაუდასტურდა კორონავირუსი, საბედნიეროდ, მათი მდგომარეობა მძიმე არაა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, უცხოეთში მყოფი საქართველოს იმ მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, მძიმე არაა.
მისივე თქმით, ყველა საელჩო და საკონსულო სამსახური საზღვარგარეთ იმყოფება 24-საათიან საგანგებო რეჟიმზე და მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფებიან უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან.
„უცხოეთში 20-მდე მოქალაქეს დაუდასტურდა კორონავირუსი. საბედნიეროდ, მათი უმრავლესობის მდგომარეობა არ არის მძიმე. ისინი მკურნალობას აგრძელებენ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ და ყველა მათგანთან, ისევე, როგორც ჯანდაცვის დაწესებულებებთან კავშირსა და კოორდინაციაში იმყოფებიან ჩვენი საკონსულო დაწესებულებები. საზღვარგარეთ ჩვენი მოქალაქეების ოპერატიული დახმარების აღმოჩენის მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ყველა საელჩო და საკონსულო სამსახური საზღვარგარეთ იმყოფება 24-საათიან საგანგებო რეჟიმზე და მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფებიან უცხოეთში მყოფ ჩვენს მოქალაქეებთან“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.