„ექიმები, რომლებიც ყოველგვარ პოლიტიკაზე მაღლა დგანან, დღეს თავგანწირულად იბრძვიან“
პოეტი და მთარგმნელი, ირინე გოჩაშვილი კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„ოდითგანვე ტაშის დაკვრა ნიშნავდა აღტაცების, კმაყოფილებისა და მადლიერების გამოხატვას. ასევე, მქუხარე ტაშით აცილებდნენ, უკანასკნელ გზაზე, მოღვაწე ადამიანებს. მაგრამ არსებობენ ისეთი მოღვაწენი, რომლებიც არც სცენაზე დგანან და არც ორატორული ნიჭით აღაფრთოვანებენ ადამიანებს. ისინი თავგანწირულად იბრძვიან ზოგადად სიცოცხლის შესანარჩუნებლად. მათ რიგებს განეკუთვნებიან ექიმები, რომლებიც ყოველგვარ პოლიტიკაზე მაღლა დგანან.
დღეს საქართველოში კორონავირუსის გამო შექმნილი საშიშროება არც ისე მარტივია, როგორც ეს ზოგიერთს ჰგონია. ჩვენი ექიმები დღე და ღამეს ასწორებენ, რომ ისედაც მცირერიცხოვანმა საქართველომ არცერთი მოქალაქე არ დაკარგოს. ჯერჯერობით ეს ასეც არის.
დღეს მქუხარე ტაშის დღეა, რომლითაც სრულიად საქართველომ უნდა გამოხატოს მადლიერება ჩვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე მდგომი ექიმების მიმართ.
„რა ხანმოკლეა მქუხარე ტაში,
რა ხანგრძლივია ტაშისთვის ბრძოლა“.
(მზია ხეთაგური)“, – წერს ირინე გოჩაშვილი.