ირაკლი კობახიძე: ვიდრე საყოველთაო განხილვები გაგრძელდება, პოლიტპატიმრების ძებნას დავიწყებთ და თუ ვიპოვით, ოპოზიციის მოთხოვნაზე რეაგირება გვექნება

“ვიდრე განხილვები გაგრძელდება, ჯერ საყოველთაო-სახალხო განხილვების ფორმატში, შემდეგ პარლამენტში, მანამდე პოლიტპატიმრების ძებნას დავიწყებთ და თუ ვიპოვით, მაშინ ოპოზიციის ამ მოთხოვნაზე რეაგირება გვექნება”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე ოპოზიციური პარტიების ლიდერების მოთხოვნას პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა შესაძლოა, დისტანციური საშუალებების გამოყენებით მოხდეს.

„გადაწყვეტილება იქნება მიღებული საორგანიზაციო საკითხებზე. საყოველთაო-სახალხო განხილვა, სავარაუდოდ, მასშტაბური არ იქნება. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ უკვე არის არსებითად განხილული. მინიმალისტური მიდგომით, დისტანციური საშუალებების გამოყენებით შევეცდებით, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ერთ თვეში დავასრულოთ, რის შემდეგაც საპარლამენტო განხილვის დაწყების საშუალება გვექნება. რეგლამენტი იქნება დაცული, რაც მათ შორის იმას ნიშნავს, რომ გარკვეული გასვლები იქნება დასაგეგმი, რეგლამენტის ფარგლებში რაც გათვალისწინებულია. საყოველთაო-სახალხო განხილვას მინიმალისტური მიდგომით ჩავატარებთ. არ არის გამორიცხული, რომ დისტანციური კომუნიკაციების ფორმები გამოვიყენოთ. შეიძლება ამისთვის გამოვიყენოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის დახმარება. მათ შორის, აჭარაში, ფორმაზე ვიმსჯელებთ. ვიდრე განხილვები გაგრძელდება ჯერ საყოველთაო-სახალხო განხილვების ფორმატში, შემდეგ პარლამენტში, მანამდე პოლიტპატიმრების ძებნას დავიწყებთ და თუ ვიპოვით, მაშინ ოპოზიციის ამ მოთხოვნაზე რეაგირება გვექნება. შეთანხმება რაზეც იყო, შეთანხმების ტექსტში წერია. ტექსტში წერია, რომ ამ პროცესზე ყოველგვარი პოლიტიკური გავლენა გამორიცხული უნდა იყოს. შესაბამისად, მოკლებული ვართ საშუალებას, რომ ამ პროცესის პოლიტიკური გავლენა მოვახდინოთ. ეს დოკუმენტი სწორედ ამაზე მიუთითებს და არა საპირისპიროზე, რასაც ოპოზიცია ამტკიცებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები