ეკატერინე ტიკარაძე: ამ ეტაპზე საკმარისია როგორც ხელოვნური სუნთქვის აპარატების, ისე – მედპერსონალთა რაოდენობა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, ჟურნალისტებთან ექიმების რაოდენობასა და იმ საჭირო აღჭურვილობაზე ისაუბრა, რომელიც კორონავირუსის სამკურნალოდ მნიშვნელოვანია.
მისი თქმით, ამ ეტაპზე საკმარისია როგორც ხელოვნური სუნთქვის აპარატების, ისე – მედპერსონალთა რაოდენობა.
„ჯერჯერობით, ჩვენთან არ დამდგარა საჭიროება, გამოგვეყენებინა ხელოვნური სუნთქვის აპარატები. თუმცა, მიუხედავად ამისა, ყველა სტაციონარში მობილიზებული გვაქვს ხელოვნური სუნთქვის აპარატები. მინდა დავამშვიდო მოსახლეობა – ჩვენ არ გვყავს ისეთი მძიმე პაციენტი, რომელსაც ესაჭიროება ხელოვნური სუნთქვის აპარატი. თუმცა, მიუხედავად ამისა, დღეისათვის მომზადებული გვაქვს ხელოვნური სუნთქვის 150 აპარატი. საჭიროების შემთხვევაში, მოხდება მათი გამოყენება. ჩვენ, ასევე, ვმუშაობთ როგორც პირველადი ჯანდაცვის რგოლთან, ასევე – ჩვენს სხვა ექიმებთან, რომლებიც ამ პაციენტებს სტაციონარში მკურნალობენ. დღეისთვის მათი რაოდენობა არის საკმარისი, ისინი არიან მზად და ეტაპობრივად გადიან გარკვეულ კონსულტაციებსა და ტრენინგებს იმის შესაფერისად, თუ რა საჭიროება დგება ყოველ შემდეგ ნაბიჯზე“, – განაცხადა ტიკარაძემ.