ჯგუფური თავდასხმა მოხუც ცოლ-ქმარზე ყაჩაღობის მიზნით – გურიაში პოლიციამ 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული შ.ო. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, დანაშაული  თავისუფლების 6-დან 12 წლამდე ვადით  აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 1-ელ მარტს ბრალდებული 2 თანამზრახველთან ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში მცხოვრებ მოხუც ცოლ-ქმარს – 1939 წელს დაბადებულ გ.პ.-სა და 1940 წელს დაბადებულ ი.გ.-ს, მათსავე საცხოვრებელ სახლში ყაჩაღურად თავს დაესხა და ფული მოსთხოვა. წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, თავდამსხმელები სახლის მეპატრონეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, გასტაცეს 2000 ლარი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

დაშავებული ცოლ-ქმარი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მედიკოსებმა სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღური თავდასხმის ერთ-ერთი მონაწილე – შ.ო., მომხდარიდან რამდენიმე დღეში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს”, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

გამოძიება გრძელდება ბინაში უკანონოდ შეღწევის გზით ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები