საინჟინრო ფიზიკის სტუდენტი – “ტექნიკური უნივერსიტეტი საუკეთესო პლაცდარმია საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობისათვის”

“ტექნიკური უნივერსიტეტი საუკეთესო პლაცდარმია საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობისათვის და სწავლის ევროპულ თუ ამერიკულ უნივერსიტეტებში გასაგრძელებლად”, – ამბობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის, საინჟინრო ფიზიკის, ბაკალავრიატის მეოთხე კურსის სტუდენტი, დაჩი ოქროპირიძე.

იგი 2019 – 2020 სასწავლო წლის პერიოდში ქართულ-გერმანული ხიდის ფარგლებში განხორციელებული ორი პროექტის მონაწილეა:

„პირველი – Quali Start-up lectures INM4 (სამედიცინო ფიზიკის ინსტიტუტი, იულიხი, გერმანია) სადაც დავესწარი ლექციებს MRI, PET და სხვა სამედიცინო ტექნოლოგიების შესახებ, ხოლო მეორე – ერთ თვიანი გაცვლითი პროგრამა IKP2-ში (ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტი, იულიხი, გერმანია), სადაც მომეცა საშუალება, მემუშავა COSY (The COoler SYnchrtron) ამაჩქარებელზე მიმდინარე Electric Dipole Moment Investigation ექსპერიმენტზე“, – აცხადებს დაჩი ოქროპირიძე და საკუთარი წარმატებების “ფორმულის” შესახებ ვრცლად საუბრობს.
ფაქტია, დღეს წარმატებულ სტუდენტს ფიზიკის მეცნიერებისადმი ინტერესი ბავშვობიდანვე ჰქონდა.

“ფიზიკა ბავშვობიდან მიყვარდა. ზღაპრების პარალელურად, სულ ვკითხულობდი და ვათვალიერებდი ასტრონომიისა და სხვა სამეცნიერო ენციკლოპედიებს, სხვათა შორის, უნდა აღვნიშნო, რომ კარგი ზღაპრები ძალიან ანვითარებს ადამიანის წარმოსახვის უნარსა და კრეატიულ აზროვნებას. აღსანიშნავია, რომ ჩემი ინტერესების ამ მიმართულებით განვითარება ნაწილობრივ განაპირობა მაშინდელმა დასავლურმა კინო ინდუსტრიამ, ჩემს ბავშვობაში განსაკუთრებით პოპულარული იყო Star Wars, Star Trek, Matrix.
ადრინდელი სასკოლო განათლება მივიღე მე-7 გიმნაზიაში, შემდგომ კი მე-7 კლასიდან გადავედი კომაროვში, სადაც ჩემი ფიზიკისადმი ინტერესი უფრო მეტად გაღრმავდა და, საბოლოოდ, ავირჩიე ეს პროფესია.

შეჯამებისთვის, ფუნდამენტური საკითხები, როგორ „მუშაობს“ სამყარო, რა ფუნდამენტური ძალები და რა კანონები მართავს ჩვენს რეალობას, როგორ შეიქმნა ის და ცნობისმოყვარეობა ყველაფრის მიმართ ჩვენ გარშემო, არის ძირითადი განმაპირობებელი მიზეზები, თუ რატომ ავირჩიე ეს პროფესია”, – ამბობს დაჩი ოქროპირიძე.

მე-4 კურსის სტუდენტი ინტერვიუს დროს იმ ადამიანებზეც ამახვილებს ყურადღებას, ვინც მას პროფესიის არჩევისას დაეხმარა და მათი აზრი გაითვალისწინა:

“ზოგადად, მიმაჩნია, რომ რამდენადაც ადამიანი თვითონ განაგებს საკუთარ ცხოვრებასა და მომავალს, გარემო ფაქტორებს კოლოსალური გავლენა აქვს ადამიანის განვითარებაზე – ბავშვობიდანვე სწორი აღზრდა, ინტერსების სწორი გაღვივება და სწორი გარემო არის ადამიანის წარმატებული მომავლისათვის. ეს ტვირთი, მეტწილად, სწორედ მშობლებსა და პედაგოგებზე მოდის. აუცილებლად უნდა აღვნიშნო დედაჩემის წვლილი ჩემს არჩევანში, იგი მამარაგებდა ენციკლოპედიებით ბავშვობიდანვე. სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს, პირველად ასტრონომიის ენციკლოპედია მე მოვითხოვე თუ მან მაჩუქა, თუმცა ორივე შემთვევაში ეს იყო კრიტიკულად სწორი მიდგომა, რამაც განაპირობა ჩემი ინტერესების განვითარება, განსაკუთრებით იმ დროს, როცა ძალიან გვიჭირდა ოჯახში. მისი დაჟინებული თხოვნის გამო გადავწყვიტე კომაროვში გადასვლაც.
ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩემმა აღმზრდელმა ბებიამ. შეუძლებელია, გადმოგცეთ, რამდენი შრომა და სიყვარული აქვს მას ჩემში ჩადებული, იგი არის, ალბათ, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე კარგი პედაგოგი, მშვიდი, გაწონასწორებული და შედეგიანი მიდგომებით.
სკოლა უდიდეს, როლს თამაშობს ბავშვის აღზრდაში. კომაროვში ძალიან ბევრი, კარგი მასწავლებელი მყავდა, თავისი საკითხისა და საქმის პროფესიონალები, თუმცა გამოვარჩევდი ჩემს მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებლებს, რომლებმაც გააღვივეს ჩემში ცნობისმოყვარეობა ამ საგნების მიმართ. უნივერსიტეტის პერიოდში, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ ქეთევან კოტეტიშვილს, პროფესორ გია ნაბახტიანს და სხვა პროფესორებს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ჩემს განათლებაში (არ მინდა ვინმე გამომრჩეს, ამიტომ არ ჩამოვთვლი). განსაკუთრებულად უნდა აღვნიშნო პროფესორი ქეთევან კოტეტიშვილის ღვაწლი, არამარტო ჩემს, არამედ ტექნიკური უნივერსიტეტის თაობების წარმატებაში, სამწუხაროდ ნაკლებად შესამჩნევი არიან მსგავსი ადამიანები, რომლებიც ახალგაზრდებს და მომავალ თაობას მუხლჩაუხრელად უკაფავენ გზას წარმატებისკენ. ანალოგიური ღვაწლი, გერმანული მხარის მხრიდან დოქტორ ანდრო კაჭარავას მიუძღვის. ეს და კიდევ, სხვა ადამიანები არიან საქართველოს მეცნიერების აკადემიურ თუ სამეცნიერო ფრონტზე და სრულიად უანგაროდ ცდილობენ მომავალი თაობის წარმატებას ხელი შეუწყონ. ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის ფარგლებში განხორციელებული პროექტები სწორედ მათი დაუღალავი შრომის შედეგად ხორციელდება და უამრავ ახალგაზრდას ეძლევა შანსი თვალსაწიერი გაიფართოვოს” – ამბობს დაჩი ოქროპირიძე და საკუთარი წარმატებების განცდების შესახებ გულწრფელად საუბრობს.

გარდა ამისა, დაჩი ოქროპირიძე მიიჩნევს, რომ თუ ადამიანი მონდომებულია და შრომისმოყვარე, ის აუცილებლად მიაღწევს წარმატებას. თუმცა, მან პრობლემებიც გადალახა.

“სამწუხაროდ, ქართულ რეალობაში მეცნიერება არც თუ ისე პერსპექტიულ სფეროდ მოიაზრება, განსაკუთრებით კი ფუნდამენტური მეცნიერებების მიმართულებით, მასშტაბურ ექსპერიმენტებსა და კვლევებს დიდი ბიუჯეტი და რესურსი სჭირდება, რომლის მოპოვებაც საქართველოში ძალიან რთულია. მსგავსი ტიპის პროექტები მომავალი თაობისათვის უდიდესი შესაძლებლობაა. ამ პროექტებში მოხვედრისათვის დიდი შრომა დამჭირდა და შესაბამისად ძალიან დიდი პასუხისმგებლობითაც ვეკიდებოდი. სიმართლე, გითხრათ მქონდა განცდა, რომ გამიჭირდებოდა იქაური ტემპისათვის ფეხის აწყობა, იქნებოდა სირთულეები და ვერ შევძლებდი საკითხების დაძლევას. თუმცა, ჩასვლის დღიდანვე ძალიან მეგობრულად დამხვდნენ, ატმოსფერო არის ძალიან მშვიდი და მეგობრული, ბევრგან მიმუშავია და მსგავსი სამუშაო გარემო არსად არ მქონია. საკითხების სირთულეს რაც შეეხება, ცხადია მარტივი არ არის, მაგრამ მონდომებითა და შრომით დაუძლეველი არაფერია. ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი იქ მომუშავე ქართველების მხრიდან. ზოგადად იულიხში პატარა ქართული “Community” არის, რომელიც რაღაც მხრივ გეხმარება დაძლიო სხვადასხვა გამოწვევები, რასაც ადამიანი აწყდება უცხო გარემოში მარტო ყოფნისას. ამ პროექტების მანძილზე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მეცნიერება არის ის მიმართულება რასაც მინდა ჩემი მომავალი კარიერა დავუკავშირო, სამუშაო-შემოქმედებითი თავისუფლება, არის გარემო რომელიც არის გადამწყვეტი შედეგიანობისათვის. დასანანია, რომ ძალიან ბევრი, ჭკვიანი ადამიანი საქართველოში ვერ პოულობს მის სასურველ პროფესიას, ძალიან ბევრი შემთხვევა ვიცი ჩემს გარშემო, როდესაც ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები (მეცნიერების მიმართულებით) იცვლიან პროფესიას და გადადიან ბიზნესის სფეროში. მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების განხორციელება ქართულ უნივერსიტეტებში, რათა ნიჭიერმა ახალგაზრდება შეძლონ მათი თავის რეალიზაცია, რაც გრძელ ვადიან პერსპექტივაში სახელმწიფოს წარმატების აუცილებელი წინაპირობაა” – აღნიშნა სტუ-ის მე-4 კურსის სტუდენტმა დაჩი ოქროპირიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები