ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა
ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, კელი დეგნანთან ოფიციალური შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა ორ სახელმწიფოს შორის პარტნიორობის საკითხები მიმოიხილეს.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ყურადღება საქართველოსა და აშშ-ის შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებულ თანამშრომლობასა და აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით ქვეყანაში მიმდინარე პროექტებზეც გაამახვილეს.
ფინანსთა მინისტრმა ელჩს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც აშშ-ის მთავრობა უწევს ფინანსთა სამინისტროს ფისკალური სამსახურების შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.
თავის მხრივ, ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას.
„შესანიშნავი შეხვედრა მქონდა ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან. ჩვენ უკვე გვაქვს ფართო თანამშრომლობა, განსაკუთრებით – ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების მიმართულებით. განვიხილეთ თანამშრომლობის შესაძლებლობა ტექნიკური რჩევების გაზიარების მიმართულებით. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, მოვძებნოთ ქართული და ამერიკული კომპანიების თანამშრომლობის შესაძლებლობა ორივე ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად”, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა.
შეხვედრის დასასრულ, ფინანსთა მინისტრმა აშშ-ის ელჩს წარმატებები უსურვა და გამოთქვა იმედი, რომ ორ სტრატეგიულ ქვეყანას შორის კვლავ აქტიურად გაგრძელდება თანამშრომლობა.