მამუკა მდინარაძე: გიგა ბოკერიას ვურჩევდი, სანამ განცხადებებს გააკეთებს, წაიკითხოს, რა ცვლილებები შევიდა
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც საარჩევნო სისტემის ცვლილებას, კერძოდ, ე.წ. 40%-იან ჩამკეტს ეხება და რომელსაც გიგა ბოკერია ბუნდოვან საკითხად აღიქვამს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა.
მდინარაძე გიგა ბოკერიას ურჩევს, პროექტი წაიკითხოს და მასში შესულ ცვლილებებს გაეცნოს.
“გიგა ბოკერიას ვურჩევდი, სანამ განცხადებებს გააკეთებს, წაიკითხოს, რა ცვლილებები შევიდა, რა დაიწერა და ასეთ კითხვებს აღარ დასვამს და ბუნდოვანი აღარ იქნება მისთვის იმიტომ, რომ ცვლილებების მეორე პრიმა მუხლის მესამე პუნქტში წერია, რომ ჩამკეტის ამოქმედების დროს, როდესაც მანდატების რაოდენობა გადაცდება ამ ჩამკეტით გათვალისწინებულ რაოდენობას, ზედმეტი მანდატები გადანაწილდება დანარჩენ პარტიებზე პროპორციულად. ეს მარტივი რამ წერია და ამას უნდა წაკითხვა და არა – განცხადებების კეთება”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.