სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო სს „ენერგო პრო ჯორჯია“ დაჯარიმდა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „ენერგო პრო ჯორჯია“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 5 000 ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს კომპანიის მიერ სემეკ-ის ელექტრონულ ჟურნალში არასწორი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ატვირთვა, მიერთების სამუშაოების არაჯეროვანად შესრულება.
“სემეკ-ში დანერგილია ელექტრონული ჟურნალი-პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის საშუალებითაც კომისია რეალურ დროში აკონტროლებს რეგულირებადი კომპანიების მიერ გაწეულ მომსახურებას. შესაბამისად კომისიამ გადაამოწმა სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ მიერ ელექტრონულ ჟურნალში ასახული ცალკეული ინფორმაცია, კერძოდ, 31 ობიექტის ქსელზე მიერთების სამუშაოების შესახებ. შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ მიერთების თაობაზე ჟურნალში მოცემული ინფორმაცია არ ასახავდა რეალობას 19 ობიექტზე, ასევე, განხილულ შემთხვევებში მიერთების სამუშაოების დროს დარღვეული იყო ტექნიკური ექსპლუატაციის ნორმები. შესაბამისად კომპანიას დარღვევების გამოსწორების მიზნით განესაზღვრა ერთი თვე. სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ერთთვიანი პერიოდის გასვლის შემდგომ ახალი მომხმარებლის მიერთებისას ელექტრონულ ჟურნალში კვლავ ასახა მცდარი ინფორმაცია, ასევე ქსელში გამოვლინდა სხვადასხვა ტექნიკური დარღვევები”, – აცხადებენ სემეკში.
კომისიის გადაწყვეტილებით, გარდა დაჯარიმებისა, სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ დაევალა გარანტირებული სტანდარტების დარღვევის გამო კონკრეტული მომხმარებლებისათვის კომპენსაციების გადახდა.