მარინა ეზუგბაია: მამაკაცს, რომელსაც საქართველოში კორონავირუსი პირველს დაუდასტურდა, ინფექცია კვლავ უფიქსირდება და კლინიკაში რჩება
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მამაკაცს, რომელსაც საქართველოში კორონავირუსი პირველს დაუდასტურდა, ჯერჯერობით, ინფექცია კვლავ უფიქსირდება, რის გამოც ის კლინიკაში რჩება.
მისივე თქმით, პაციენტს კიდევ ერთი ტესტი 2-4 დღის ინტერვალში ჩაუტარდება.
„გაკეთდა მისი ტესტირება ვირუსთან მიმართებით. მიღებული იქნა სუსტი დადებითი პასუხი, ეს იმას ნიშნავს, რომ ვირუსმა არ დატოვა ორგანიზმი, გასაგები ენით რომ ვილაპარაკოთ. ვირუსი მცირე კონცენტრაციით ისაზღვრება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვირუსმა დატოვა ორგანიზმი. მაინც ითვლება, რომ ამ პაციენტთან პასუხი დადებითია და აუცილებლად ითხოვს გადაკონტროლებას. გადაკონტროლება სადღაც 2-4 დღის ინტერვალში მოხდება, ალბათ, უფრო მე-4 დღეს. თუ მიღებული იქნება ნეგატიური პასუხი, ამ შემთხვევაში, ერთი დღის ჩაგდებით კვლავ უნდა ჩატარდეს ტესტირება და განმეორებით უნდა იყოს ნეგატიური, ანუ უარყოფითი პასუხი, რომ ჩაითვალოს პაციენტი გამოჯანმრთელებულად. ეს, გარკვეულწილად, რამდენიმე დღის პროცესია, ნელ-ნელა გავყვებით და ამის განმარტებებსაც მოგცემთ“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ვირუსი მამაკაცს დაუდგინდა, რომელიც საქართველოში ირანიდან შემოვიდა.