ბაქოდან ანკარაში, თბილისის გავლით – როგორია მატარებელი, რომელიც მგზავრების მისაღებად უკვე მზადაა
უახლოეს მომავალში, თბილისის გავლით ბაქოდან ანკარაში სამგზავრო მატარებელი იმოძრავებს.
ათვაგონიანი, 257 მგზავრზე გათვლილი ორი შემადგენლობა უკვე მზადაა. თითო მატარებელი 9 სამგზავრო და 1 ვაგონ-რესტორანისგან შედგება. ვაგონები 4 კატეგორიისაა – „ლუქსი“, „კომფორტი+“, „კომფორტი – მე-2 კლასი“ დამატებითი ადგილებით უნარშეზღუდული მგზავრებისთვის და მე-2 კლასი (4- ადგილიანი კუპეებით).„ლუქსი“-ს და „კომფორტ+“-ს კატეგორიის ვაგონები აღჭურვილია საშხაპეებით, ყველა კატეგორიაში არის კონდიციონერი და ტელევიზორი. კლასის მიხედვით, ვაგონები გათვლილია 16, 18, 20, და 32 მგზავრზე.
აზერბაიჯანული გამოცემა Haqqin.az-ის ინფორმაციით, ბაქო-თბილისი-ყარსის მონაკვეთზე მატარებლის საშუალო სიჩქარე 100-130 კმ/სთ იქნება. როგორც აზერბაიჯანული მედია წერს,ბაქოდან თბილისში ჩასასვლელად მატარებელს 7 საათი დასჭირდება, ხოლო ანკარამდე, ანუ თურქეთის დედაქალაქამდე ჩასვლას მატარებელი 34-36 საათს მოანდომებს. მგზავრობის ღირებულება ამ დროისთვის უცნობია, თუმცა როგორც აზერბაიჯანის რკინიგზაში აცხადებენ, ფასი დიფერენცირებული და ყველა შემთხვევაში უფრო იაფი იქნება,ვიდრე ლოუკოსტერების ყველაზე ხელმისაწვდომი ბილეთები.
შვეიცარიულ Stadler Rail Group-ს მატარებლებზე შეკვეთა აზერბაიჯანის რკინიგზამ, დაახლოებით, 2 წლის წინ მისცა.