შოთა გულბანი: ქვეყანაში ეკონომიკური პოლიტიკა ზრდაზეა ორიენტირებული და რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო კლიმატია
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, შოთა გულბანი სოციალურ ქსელში საქსტატის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს ეხმაურება.
როგორც ექსპერტი წერს, 2019 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, წინა წელთან შედარებით, 0,2%-ით გაიზარდა.
„2019 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, წინა წელთან შედარებით, 0,2%-ით გაიზარდა. პრინციპში, ეს ზრდაც გასაკვირია მაშინ, როცა 2019 წელი პოლიტიკურად ძალიან არასტაბილური იყო და, პრაქტიკულად, ნახევარ წელს აქციებში ვიცხოვრეთ. შეუძლებელი იყო, რომ ეს ინვესტიციების მაჩვენებელზე უარყოფითად არ ასახულიყო.
ზოგადად, ნებისმიერი ინვესტორი საინვესტიციო გარემოს უყურებს, როგორც თავის ბუნებრივ ჰაბიტატს, სადაც მან უნდა იარსებოს და ფული სარფიანად დააბანდოს, მაგრამ როცა ხედავს არასტაბილურ პოლიტიკურ გარემოსა და გაურკვეველ პერსპექტივებს, ის თავის ფულს აღარ დახარჯავს, მინიმუმ, ვითარების დასტაბილურებას დალოდება და შემდეგ იმოქმედებს. ნებისმიერი ინვესტორის ქცევა თითქმის 100%-ით დამოკიდებულია გარემოზე, იქნება ეს შიდა თუ გარე ინვესტორი. თუ კარგად გადავავლებთ თვალს 2019 წლის მოვლენებს, ყველაფერი ცხადია. შესაბამისად, ის, ვინც ხელოვნურად ქმნიდა დესტაბილიზაციას და დაძაბულ ფონს ქვეყანაში, პასუხისმგებლობაც მას ეკისრება.
მიუხედავად ამისა, არის პოზიტიური მაჩვენებლებიც. მაგალითად, მე-4 კვარტალის ზრდა 102%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. რეინვესტირების წილი მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 48,3% დაფიქსირდა, 2014 წელს 17,6% იყო. ის ფაქტი, რომ რეინვესტირების მაჩვენებელი ყველა წელს სტაბილურად იზრდება, მეტყველებს იმაზე, რომ ბიზნესის მხრიდან გაფართოების სტიმული მეტია, რაც განაპირობა, ერთი მხრივ, მოგების გადასახადის ესტონური მოდელის რეფორმამ, ხოლო მეორე მხრივ ბიზნესის მხრიდან გაზრდილმა ნდობამ”, – წერს შოთა გულბანი.