იტალიის მთელს ტერიტორიაზე, კორონავირუსის გამო, კარანტინი გამოცხადდა – დაღუპულია 463 ადამიანი
იტალიაში კორონავირუს COVID-19-ის გამო კარანტინი გამოცხადდა, რომელიც ადრე მხოლოდ ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებში ვრცელდებოდა.
როგორც ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ჯუზეპე კონტემ განაცხადა, ციფრები მეტყველებს იმაზე, კორონავირუსით გარდაცვალების ფაქტები იზრდება.
„ხელს ვაწერ განკარგულებას, რომლის ახსნა შეიძლება სიტყვებით – „ვრჩები სახლში“. აღარ იარსებებს წითელი, ნომერ პირველი ან მეორე ზონა, მთლიანად იტალია გახდება დაცული ზონა“, – აღნიშნა პრემიერმა.
კონტეს განკარგულების თანახმად, ყველა ბარი და რესტორანი საღამოს 18:00 საათზე დაიკეტება. დღის საათებში მათი მუშაობა იქნება შესაძლებელი მხოლოდ სტუმრებს შორის გარკვეული დისტანციის დაცვით.
სასწავლო დაწესებულებებში მუშაობას 3 აპრილს განაახლებენ. იკეტება კლუბები, აზარტული თამაშების ობიექტები, ასევე, აკრძალულია ყველა ცერემონიები: მათ შორის – ქორწილები, დაკრძალვები და საეკლესიო მსახურებები, დაკეტილია თეატრები, კინოდარბაზები, მუზეუმები და სპორტული დარბაზები.
იტალიაში კორონავირუსით 9,1 ათასი ადამიანია ინფიცირებული, 724 პაციენტი განიკურნა, 463 გარდაიცვალა.