მსოფლიო საფონდო ბირჟების ინდექსები დაეცა, ნავთობი კი გაუფასურდა
მსოფლიო საფონდო ბირჟებზე ინდექსები დაეცა. მაგალითად, გერმანული ინდექსი DAX ვაჭრობის დასაწყისშივე 7,4 %-ით დაეცა, ასევე, იმ 30 კონცერნის აქციების ფასი, რომელსაც DAX აერთიანებს, კერძოდ „დოიჩე ბანკისა“ და „ადიდასის“ აქციების ფასი 12 %-ით შემცირდა.
8,8 %-ით დაეცა დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი ინდექსიც – FTSE.
პარიზის საფონდო ბირჟის ინდექსი – CAC-40, რომელიც 40 მსხვილი ფრანგული კონცერნის აქციებს აერთიანებს, 6.4 %-ით დაეცა.
რაც შეეხება აზიურ ბირჟებს, იაპონიის ბირჟის ინდექსი Nikkei დღის ბოლოს 5.07 %-ით, ხოლო შანხაის საფონდო ბირჟის ინდექსი – 3,01%-ით დაეცა.
ამასთან, 9 მარტს ნავთობი მკვეთრად გაუფასურდა. ერთი ბარელი „ბრენტის“ ტიპის ნავთობის ფასმა 32,83 დოლარი შეადგინა, ხოლო ამერიკული WTI-ის ფასმა – 28,84 დოლარი.