კახა კოჟორიძე საარჩევნო სისტემის შესახებ შეთანხმებაზე: ვერცერთი ძალა მიიღებს ხმათა იმ რაოდენობას, რომ ერთპიროვნული ძალაუფლება აიღოს ხელში

“ამ საარჩევნო სისტემის მიღების შემდეგ ვერცერთი ძალა მიიღებს ხმათა იმ რაოდენობას, რომ ერთპიროვნული ძალაუფლება აიღოს ხელში”, – ამის შესახებ მედიჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთერთმა ლიდერმა, კახა კოჟორიძემ განაცხადა.
კოჟორიძე საარჩევნო სისტემის საკითხზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებას გამოეხმაურა.

„როდესაც მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხზე ყველა მხარე თანხმდება, ეს ხელს უწყობს პოლიტიკური პოლარიზაციის შერბილებასა და არჩევნების წარმართვას რაციონალურ პროცესში. ეს არის ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. იმედი მაქვს, როგორღაც მივაღწევთ იმას, რომ გადავიდეთ საარჩევნო სისტემებზე საუბრიდან უშუალოდ იმ პრობლემებზე საუბარზე, რაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ყოველდღიურობაში აწუხებთ. ესაა დასაქმება, უმუშევრობა, სიღარიბე, ჯანდაცვა და ა.შ. ამისათვის გუშინ მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნა გადადგმული. ყველა ამ პროცესის მონაწილეს, ვინც კი წვლილი შეიტანა, განსაკუთრებით – ჩვენს უცხოელ მეგობრებს, მათი წვლილი იყო ლომის სწორედ ამ პროცესში – მადლობა უნდა გადავუხადოთ. მათი ჩართულობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი.
როგორ შესრულდება ეს შეთანხმება, ეს მნიშვნელოვანია, ცხადია. მე არ ველი იმას, რომ ეს შთანხმება არ შესრულდება. თუმცა, „ქართული ოცნების“ პირობებში, გამორიცხული არაფერია. დავინახეთ, რომ 90 დეპუტატზე მეტი აწერდა ხელს სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და ახლა, უცებ, იმ პირობებში, როცა „ქართული ოცნება“ ხშირად ცვლის პოზიციებს, 100 პროცენტით გამორიცხული არაფერია. თუმცა, მე არ ველი, რომ ეს ასე მოხდება. ერთი გადაგდების მერე ამდენი ფაქტორის ჩართვით მიღწეული შეთანხმების კიდევ არშერსულება იმდენად დამაზიანებელი იქნება „ქართული ოცნებისთვის“, რომ ის პოლიტიკურად განადგურდება არჩევნებზე. ალბათ, თვითგანადგურების რეჟიმზე არ გადავლენ და ამას არ გააკეთებენ. მინდა, ძალიან მალე აისახოს მიღწეული შეთანხმება კონსტიტუციაში. ამ საარჩევნო სისტემის მიღების შემდეგ, ვერცერთი ძალა მიიღებს ხმათა იმ რაოდენობას, რომ ერთპიროვნული ძალაუფლება აიღოს ხელში.
რაც შეეხება პოლიტპატიმრებს – სახელებზე იყო საუბარი, თუმცა შეთანხმებულ დოკუმენტში, ცხადია, სახელები არ წერია და ვერ ჩაიწერებოდა იმიტომ, რომ პოლიტიკურ დოკუმენტებში ასეთი რაღაცები არ იწერება ხოლმე. მაგრამ თავად ტექსტი, რომელიც ამ შეთანხმებაშია – მხარე შეეცდება რომ მართლმსაჯულების სფეროში მოქმედებები არ ტოვებდეს უსამართლობის აღქმას, ასეთი „ვორდინგი“ უკვე ნიშნავს იმას, რომ გარკვეულწილად აღიარება მოხდა არსებული მართლსამჯულების სისტემის პოლიტიკური ნიშნით გამოყენებასთან დაკავშირებით. „ქართული ოცნება“ ამას აღიარებს თუ არა, ყველა ასე აღიქვამს. ქართული საზოგადოება, საერთაშორისო საზოგადოება – ყველა თანხმდება, რომ საქართველოში მართლმსაჯულების გამოყენება პოლიტიკური მიზნით ხდებოდა და ამისი არაერთი მაგალითი გვყავს. მიუხედავად იმისა, რას იტყვის „ქართული ოცნება”, ასეთი შეთანხმება არსებობს და ამ შეთანხმებას დავინახავთ არა მხოლოდ მომავალში, არამედ დავინახეთ უკვე. კობა კოშაძის გამოშვება სხვა არაფერი იყო, თუ არა აღიარება პოლიტიკური მართლმსაჯულებისა და ეს პროცესი გაგრძელდება. დაინახავთ, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე აღარ იქნება ყოველ მეორე დღეს სასამართლოში და დანარჩენი პოლიტპატიმრებიც, იმედია, მალე დატოვებენ საპატიმრო დაწესებულებებს”, – განაცხადა კოჟორიძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება გუშინ შედგა.
შეთანხმება ითვალისწინებს, რომ საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, 1 %-იან საარჩევნო ბარიერსა და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

თამუნა შეყილაძე 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები