ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლებმა აქცია გამართეს

ზუგდიდში, მერიის შენობასთან მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლებმა აქცია გამართეს. მძღოლები გადასახადების დაგეგმილ გაზრდას აპროტესტებდნენ.

მათი განცხადებით, პროტესტი მენეჯმენტის მხრიდან გადასახადის მომატებამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც დღიური გეგმის კიდევ 40 ლარით გაზრდა იგეგმებოდა, რაც, ამ ეტაპზე, 95 ლარს შეადგენს.

მძღოლებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე – დავით ფარცვანია, ზუგდიდის მერის მოადგილე – კონსტანტინე კაკავა და საკრებულოს თავმჯდომარე, მამუკა წოწერია შეხვდნენ.

ზუგდიდის მერის მოადგილის, კონსტანტინე კაკავას განცხადებით, მოლაპარაკებების შედეგად მძღოლებს გადასახადი მანამ არ გაეზრდებათ, ვიდრე  ავტოპარკი არ განახლდება და ავტობუსებში გადახდის აპარატები არ დამონტაჟდება.

“ჩვენ მათ ვუთხარით, რომ რუხში იქნება ობიექტი, სადაც მათთვის სამუშაო გარემო შესაბამისი იქნება. რაც შეეხება გეგმას – ჩვენთან შემოდის 25 ახალი ავტობუსი, რის შემდეგაც იქნება გადახდა ბარათით და მძღოლებს ექნებათ ფიქსირებული ხელფასი, შესაბამისად, არ იქნებიან გეგმაზე დამოკიდებულები. მოვნახეთ კომპრომისული ვარიანტი, რომ ამ გარდამავალ პერიოდში გეგმას არ მოემატება და, შესაბამისად, ავტობუსები ჩვეულებისამებრ იმუშავებენ”, – აღნიშნა კონსტანტინე კაკავამ.

აქციაზე ოპოზიციის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. მათ ხელისუფლებას გადასახადების შემცირებისკენ მოუწოდეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები