ირაკლი სესიაშვილი მაია ცქიტიშვილს: აღმოსავლეთ საქართველოსთან მიმართებით თუ გაქვთ გრძელვადიანი სტრატეგია წყლის დეფიციტთან დაკავშირებით

“აღმოსავლეთ საქართველოსთან მიმართებით თუ გაქვთ გრძელვადიანი სტრატეგია წყლის დეფიციტთან დაკავშირებით”, – აღნიშნული კითხვით ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს მიმართა, რომელსაც „მინისტრის საათის ფორმატში” უსმენენ.

სესიაშვილის თქმით, თელავსა და ყვარელში სასმელი წყლით მომარაგებასთან დაკავშირებით კრიტიკული ვითარებაა.

„ანგარიშის წარდგენის დროს თქვენ ახსენეთ წყლის მხრივ არსებული გამოწვევები და მართლაც, ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშეა, განსაკუთრებით, აღმოსავლეთ საქართველო. ჩემთვის საინტერესოა, თუ გაქვთ გრძელვადიანი სტრატეგია წყლის დეფიციტთან დაკავშირებით, აღმოსავლეთ საქართველოსთან მიმართებით. მე წარმოვადგენ თელავსა და ყვარელს. სასმელი წყლით მომარაგებასთან დაკავშირებით კრიტიკული ვითარებაა. ვიცი, რომ სამინისტრო მაქსიმალურად ცდილობს პრობლემის მოგვარებას, მაგრამ პრობლემა პრობლემად რჩება”, – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

დეპუტატის თქმით, ზაფხულის ცხელ პერიოდში ქალაქს, ფაქტობრივად, წყალი არ აქვს, ამიტომ, მიიჩნევს, რომ საჭიროა უფრო შორს გახედვა, იმდენად, რამდენადაც წყლის პრობლემა ყოველწლიურად უფრო სერიოზულად დგება დღის წესრიგში.

„ვიცი, რომ ჭაბურღილებზე მუშაობთ, მაგრამ მიმაჩნია, რომ საჭიროა უფრო შორს გახედვა იმდენად, რამდენადაც წყლის პრობლემა ყოველწლიურად უფრო სერიოზულად დგება დღის წესრიგში. რაც შეეხება ქალაქ თელავს – მიმაჩნია, რომ დღესვე უნდა დავიწყოთ მუშაობა ქალაქისა და რაიონის ალტერნატიული წყლით მომარაგების საკითხზე. ვიცი, რომ სამინისტროც მუშაობს ამაზე და არსებობს რამდენიმე იდეა და პროექტი, მათ შორის, წიწმატიანის და სნორის წყლის გამოყენებასთან დაკავშირებით, ამიტომ ძალიან მინდა გთხოვოთ, რომ ამ მიმართულებით სერიოზული და დროული ნაბიჯები გადავდგათ. რაც შეეხება ქალაქ ყვარელს, აქ წყლის და კანალიზაციის საკითხი ძალიან აქტუალურია. პროექტი შეადგენს 63 მილიონ ლარს, რაც მართლაც არაა ცოტა თანხა, მაგრამ მინდა გთხოვოთ, რომ ქალაქ ყვარლის წყლის მომარაგების და კანალიზაციის საკითხი პრიორიტეტებში განიხილოთ. ორივე ქალაქი, თელავიც და ყვარელიც ტურისტულად ძალიან მიმზიდველია, თავის სოფლის მეურნეობის თვალსაზრისითაც ძალიან წარმატებულია და მინდა ამ მხრივ პრიორიტეტებად მიიჩნიოთ ეს საკითხი”, – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები