გრემის მამათა მონასტრის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ინსპექციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ
გრემის მთავარანგელოზთა მამათა მონასტრის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ინსპექციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ და ვითარებას ადგილზე გაეცნენ.
ისინი ეკლესიის წინამძღვარს მღვდელ- მონაზონ იოანეს გაესაუბრნენ. საპროტესტო აქციის მონაწილეებს კორპორაცია ,,გრემის” ხელმძღვანელმა დაგეგმილი ობიექტის და ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტი წარუდგინა და აღნიშნა,რომ ტერიტორიაზე არანაირი სასტუმროს და რესტორნების მშენებლობა არ იგეგმება.
“ვფიქრობთ, რომ ამ უსახური დახლების ნაცვლად კეთილმოწყობილი გავხადოთ ტერიტორია, სადაც საცხობი, ვენახი, ღვინის და სხვა ალკოჰოლური სასმელები გაიყიდება. ტურისტებისთვის მოეწყობა სივრცე,სადაც კახური ტრადიციების გაცნობა მოხდება. არ ვაპირებთ ტაძარს ზიანი მივაყენოთ, თუ საჭირო იქნება, უარს ვიტყვით ტექნიკის გამოყენებაზე და ხელით ავაშენებთ ობიექტს”, -განაცხადა კორპორაცია ,,გრემის’ ხელმძღვანელმა ნიკა თუშიშვილმა.
თუშიშვილის განმარტებით, ტაძრის მიმდებარე ტერიტორია აუქციონის წესით შეისყიდა და პროექტიც შეთანხმებულია საპატრიარქოსთან.
შეგახსენებთ, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის მოსახლეობამ გრემის მთავარანგელოზთა მამათა მონასტერთან საპროტესტო აქცია გამართა.
მოსახლეობის თქმით, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია ტურისტული ობიექტის აშენება და სამშენებლო სამუშაოები ტაძარს საფრთხეს უქმნის.