შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოაცხადა
საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოაცხადა; ზვიად გამსახურდიას პრემია კონკურსში გამარჯვებულ ქართველოლოგიური მიმართულებით საზღვარგარეთ მოღვაწე მეცნიერს მიენიჭება.
კონკურსის მიზანია ქართველოლოგიის პოპულარიზაცია და საზღვარგარეთ მოღვაწე უცხოეთის მოქალაქე მეცნიერთა წახალისება ქართველოლოგიის დარგში მნიშვნელოვანი მიღწევებისათვის. პრემია გაიცემა ქართველოლოგიის მიმართულებით, რომელიც მოიცავს ჰუმანიტარული მიმართულების კვლევებს საქართველოს შესახებ: ენებს/ენათმეცნიერებას, ლიტერატურათმცოდნეობას, ისტორიას, არქეოლოგიას, ეთნოგრაფიას/ეთნოლოგიას, კულტურის კვლევებს, ხელოვნებას.
კონკურსში რეგისტრაციის ვადა 9 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით განისაზღვრა.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია უცხოეთში მოღვაწე ქართველოლოგს – უცხო ქვეყნის მოქალაქეს, დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელიც უცხოეთის სამეცნიერო, სასწავლო დაწესებულებაში საქმიანობს, აქვს მნიშვნელოვანი მიღწევები ქართველოლოგიის მიმართულებით. საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიით დაჯილდოების საზეიმო ცერემონია 31 მარტს გაიმართება.