სოფელ გრემში მოსახლეობა ტაძრის სიახლოვეს ტურისტული ობიექტის მშენებელობას აპროტესტებს
ყვარლის მუნციპალიტეტის ოთხი სოფლის მოსახლეობამ გრემის მთავარანგელოზთა მამათა მონასტერთან საპროტესტო აქცია გამართა.
მოსახლეობის თქმით, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია ტურისტული ობიექტის აშენება და სამშენებლო სამუშაოები ტაძარს საფრთხეს უქმნის.
ფაქტი გრემის მღვდელმონაზონმა იოანემაც დაადასტურა. მისი თქმით, ტაძარში ლოცვის დროს გუმბათიდან ბათქაში ჩამოვიდა.
“ტაძარში ვიყავით და ვლოცულობდით, დაბლა მდელოზე ტექნიკამ წყლისთვის მიწის დაბურღვა რომ დაიწყო, არ გასულა დიდი დრო, გუმბათიდან ჩამოიშალა და თავზე დაგვეყარა ბათქაში”, -აღნიშნა მამა იოანემ.
აქციის მონაწილეების თქმით, ტერიტორიის გასხვისების შესახებ მათთვის ცნობილი არ იყო.
“ტერიტორია ჩვენი წინაპრების სისხლითაა გაჟღენთილი, ტაძრის დანგრევის საფრთხის გამო, ჩვენ აქ არავის არაფრის აშენების უფლებას არ მივცემთ. ჩვენ, საბუის, ენისელისა და ალმატის მოსახლეობა ამ მდელოზე სახალხო დღესასწაულებს ვმართავთ. მაგის გარდა, წმინდა ადგილია და არ შეიძლება აუზების და ტუალეტების აგება”, – განაცხადა აქციის მონაწილემ.
ადგილობრივების თქმით, მათთან სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს კომუნიკაცია არ ჰქონიათ.