ივანე მაჭავარიანი: კორონავირუსის ეკონომიკური ეფექტის შესარბილებლად მივიღებთ როგორც ფისკალურ, ასევე – მონეტარულ გადაწყვეტილებებს

“კორონავირუსის ეკონომიკური ეფექტის შესარბილებლად მივიღებთ როგორც ფისკალურ, ასევე – მონეტარულ გადაწყვეტილებებს“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, არსებული პროგნოზით, 2020 წელს კორონავირუსს გავლენა ექნება გლობალურ ეკონომიკურ ზრდაზე.
„OECD-ის ოპტიმისტური სცენარით, კორონავიურსს მსოფლიო ეკონომიკურ ზრდაზე 0.5 პროცენტული პუნქტი გავლენა ექნება, ხოლო თუ ვირუსმა უფრო პანდემიური ხასიათი შეიძინა, მაშინ ისინი ვარაუდობენ, რომ მსოფლიო ეკონომიკური ზრდა 1.5% შენელდება. ჩვენც ვფიქრობთ, რა გავლენას მოახდენს ეს საქართველოს ეკონომიკაზე. ჩვენს შემთხვევაში, გადმოცემის მექანიზმი საკმაოდ მძლავრია, იმიტომ, რომ პირველი, რაც ხდება და რაც ნელდება, არის მიმოსვლა და ტურიზმი. მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდში გაუქმდა ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრები და გადაწყდა, რომ მხოლოდ ვიდეოკონფერენციებით მოხდება ჩართვები. სწორედ გლობალურად მიმოსვლის შენელებიდან გამომდინარე, ჩვენზე ეკონომიკური ხასიათის რისკები იზრდება, რადგან ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება და სექტორი არის ტურიზმი“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
როგორც მან აღნიშნა, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ეროვნულ ბანკსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ეკონომიკური ეფექტის შესარბილებლად.
„რისკფაქტორი გვეზრდება, რადგან იცით, რომ ჩვენი ეკონომიკის წამყვანი სექტორი და მიმართულება ტურიზმია. ჩვენ ეროვნულ ბანკსა და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად გავდივართ ამ საკითხებს, ვაკეთებთ სხვადასხვა ტიპის სტრესს ტესტებს. შესაბამისად, იმისდა მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ჩვენ გვექნება როგორც მონეტარული, ასევე – ფისკალური პასუხი სტიმულირების კუთხით. ასევე იცით, რომ მსოფლიო ბანკმა და სავალუტო ფონდმა განაცხადეს, რომ მზად არიან გამოყონ მსხვილი თანხები. 50 მილიარდი დოლარი უკვე გამოყოფილია იმ ქვეყნების დახმარებისთვის, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდებიან. იმედი მაქვს, რომ ამ ქვეყნების რიგში არ მოვხვდებით. ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვართ პარტნიორებთან. მათთან რეკომენდაციებით მივიღებთ ფისკალურ და მონეტარულ გადაწყვეტილებებს, რითიც ვეცდებით, რომ შევარბილოთ ის ეკონომიკური დარტყმა, რაც შეიძლება ამ ვირუსს ჩვენს ეკონომიკაზე ჰქონდეს”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები